ბოლო დროს ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების ფაქტების შესახებ ინფორმაცია მედიით სულ უფრო ხშირად ვრცელდება. 19 მაისს ახალგაზრდა ქართველი ქალი თამარ ნეფარიძე იტალიაში, ქალაქ ტრენტოში, ტბაში გაყინული იპოვეს.
გარდაცვლილს რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა. ქალი სწორედ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გაუჩინარდა და მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. AMBEBI.GE დაუკავშირდა გარდაცვლილის შვილს, ლაშა ჟორჟოლიანს.
"ჯერჯერობით, არაფერი ვიცი რა მოხდა. დღეს მივფრინავ იტალიაში და გარდაცვალების შესახებ დეტალებს გავარკვევ" - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
AMBEBI.GE-სთან ისაუბრა გარდაცვლილის მეგობარმა, რომელიც ასევე ემიგრაციაშია იტალიაში:
"შოკში ვარ... რა ვთქვა არ ვიცი... ცუდად რომ იყო, ვიცოდი. ხშირად მეკონტაქტებოდა. მე სხვა მხარეს ვარ იტალიის და პირადად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ტელეფონით სულ ვკონტაქტობდით.
ყოველდღიურად საათობით ვსაუბრობდით, ბოლო დღეებში განსაკუთრებით. სულ ვამშვიდებდი, მაგრამ ვეღარ გაუძლო... წამლებს იღებდა და მეუბნებოდა, რომ არ მყოფნის დოზა და უნდა გავზარდოო, ვუთხარი როგორც ექიმი გირჩევს, ისე მოიქეცი-მეთქი. აქ არ მკურნალობენ კარგად ნევროპათოლოგები და ვურჩიე წასულიყო საქართველოში და იქ ემკურნალა, ან ჩიყვი გამოეკვლია, ჩიყვსაც ახასიათებს ემოციური სიმპტომები.
ბოლო პერიოდში სულ ჩაიკეტა, ვწერდი და პასუხს არ მცემდა, არავისთან არ უნდოდა საერთოდ კონტაქტი. სამი დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე, მივულოცე და პასუხიც კი არ გამცა. მისმა ემიგრანტობამ გაანადგურა, ამას ჯავრობდა მხოლოდ, თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ დანევროზდა ამ წლების განმავლობაში უცხო მიწაზე... სხვა სადარდებელი მაგას არ ჰქონდა. ისეთი კარგი ოჯახიდანაა, მას და მის შვილს საოცარი დედა-შვილობა და სიყვარული ჰქონდათ... ძალიან კარგი შვილი ჰყავს. მეც ემიგრანტი ვარ, ერთად ჩამოვედით 2014 წელს..." - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ნეფარიძე რუსთავიდან იყო და 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ემიგრაციაში. როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს სამშობლოში, ჯერჯერობით უცნობია.