დღეს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
განსაკუთრებული მობილიზაციაა სამეგრელოში, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს გიორგი შენგელიას, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უპირისპირდება. მერობის კანდიდატებმა უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, მან ხმა ნათელ, ევროპულ მომავალს მისცა.
„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა. სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. მის უკან დგას მთელი ქვეყანა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ, ევროპულ მომავალს“, - განაცხადა რულოვსმა და დასძინა, რომ ის ზუგდიდელი ამომრჩევლების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.
„ამას ვნახავთ ამ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მთელი ქვეყნის, არა მარტო ზუგდიდის. მთელი ქვეყნის მოლოდინია ზუგდიდის არჩევნების შედეგი. ზუგდიდის არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა“, - განაცხადა რულოვსმა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ოჯახთან ერთად მივიდა ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანზე. გიორგი შენგელიას თქმით, აქვს მოლოდინი, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის:
„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა ბრწყინვალეა და ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ.
მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რაც შეეხება დარღვევებს, ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესაბამისი რეაგირება იქნება და ყველა ფაქტი აღმოიფხვრება, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა“, - განაცხადა შენგელიამ.
მან გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.
ზუგდიდში მერის არჩევნებს ეხმაურებიან ხელისუფლებაშიც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, "ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე":
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტენა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არა მათი, არამედ სამართალდამცელი უწყებების ფუნქციაა.
შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან, ხოლო სამართლამდაცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევევის გარეშე წარმართვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებზე რაიმე სახის სერიოზული გადაცდომა არ დაფიქსირებულა და ყველა ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. მაღალი ატივობის პირობებში შესაძლებელია ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. მე დარწმუნებული, ვარ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარებს, ღირსეულ მუნიციპალიტეტების მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შსს-ს საპოლიციო ძალების მობილიზება ზუგდიდში იმ რისკებიდან გამომდინარეობს, რომელსაც უწყება აფიქსირებს.
„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.