აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდა, მეტად განათლებულ და ინგლისური ენის მცოდნე პირებზე იქნება მორგებული, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიგრანტები კი, რომლებსაც აშშ-ში ოჯახის წევრები ჰყავთ, უპირატესობით აღარ ისარგებლებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრის დაცვა კიდევ უფრო მეტად გაკონტროლდება და თავშესაფრის მომთხოვნების მიმართ რეგულაციები გამკაცრდება.
„ყველაზე დიდი ცვლილების მიხედვით, რაც საიმიგრაციო პოლიტიკაში შეგვაქვს, მაღალკვალიფიციური მიგრანტების რაოდენობა 12%-დან 57%-მდე გაიზრდება, შემდეგ კი პროცენტული მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ ავწიოთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, იმიგრანტებს მოსთხოვენ ინგლისურის სწავლას, ქვეყანაში შესვლამდე მათ მოუწევთ სამოქალაქო კოდექსის გამოცდა ჩააბარონ.
„ჩვენს ქვეყანას აქვს საამაყო ისტორია, თუ როგორ იცავდა ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებისგან იდევნებოდნენ.
სამწუხაროდ, თავშესაფრის კანონიერი მაძიებლების ადგილს იკავებენ ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის მისაღებად არასერიოზულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ცვლილებები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, სადაც ტრამპის ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს - დემოკრატების განცხადებით, ცვლილებები ძირს უთხრის ოჯახის ერთობაზე დაფუძნებულ საიმიგრაციო პოლიტიკას.