2019 წლის 15 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა “ჩარლი ჩაპლინი თბილისში”. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი 80-მდე ნამუშევარი შესრულებული, როგორც ზეთში ასევე გრაფიკაში. აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციას ამშვენებს მხატვრის მიერ ბრინჯაოში შესრულებული ცნობილი მსახიობის 3 მეტრიანი ქანდაკება, რომლის მცირე ზომის ასლი მან 2011 წელს გადასცა დიდი კომიკოსის ქალიშვილს ჯერალდინა ჩაპლინს. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აღნიშნული გამოფენა მიძღვნილია ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 130 წლისთავს და ის ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გასული საუკუნის თბილისში ორი ყველაზე პოპულარული სანახაობა არსებობდა - ცირკი და კინო. განსაკუთრებით პოპულარული იყო ჩარლი ჩაპლინის ფილმები. პატარა ზურაბ წერეთელი ბებიასთან ერთად ცირკის არც ერთ სპექტაკლს და ჩაპლინის არც ერთ ფილმს არ აცდენდა და მღელვარებით თვალყურს ადევნებდა, განიცდიდა და იცინოდა მასხარებისა და პატარა მაწანწალას თავგადასავლებზე. მოგვიანებით, ცირკის ჯადოსნურმა სამყარომ და ჩარლი ჩაპლინის გმირმა შთააგონა მხატვარი შეექმნა უზარმაზარი სერია ნაწარმოებისა, რომელშიც გადახლართულია რეალური სცენები ფილმებიდან და მხატვრის ფანტაზია, სადაც ჩაპლინის გმირი მოთავსებულია ხელოვანის მიერ მოგონილ სიტუაციებში. ცირკისა და ჩაპლინის სამყარო წერეთლის ტილოებზე ერთდროულად ლოგიკურიცაა და არარეალურიც. სიზმრის, სხვა რეალობის შეგრძნება, რომელიც რაღაც საიდუმლოს ინახავს- აი, რა იზიდავს ხელოვანს.
წერეთელმა ჩარლის მაწანწალა მოათავსა ძველ თბილისში და ის მაშინვე თავისიანად იქცა, თითქოსდა ჩარლი იქ დაიბადა და გაიზარდა. აი, ჩარლის გმირი ქუჩის ფეხსაცმლის მწმენდავთან ერთად, სხვა ტილოზე ის და კინტო განუყრელი ძმაკაცებივით არიან გამოსახულნი. კინტოს და ჩარლი ჩაპლინის გმირს შორის ბევრია საერთო: მხიარულება, ენერგიულობა, სიცუღლუტე, ფამილიარობა... თავად ჩარლიც ბატონ ზურაბის ტილოებზე ქართველს ჩამოგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ.... მიუხედავად "პატარა მაწანწალას” გამოსახულებიანი ზოგიერთი ნაწარმოების მელანქოლიური ტონალობისა, მხატვრის ტილოებში იგრძნობა ხელოვანის მთავარი მოწოდება - სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში ეს სიყვარულია.მაშინვე თავისიანად იქცა, თითქოსდა ჩარლი იქ დაიბადა და გაიზარდა. აი, ჩარლის გმირი ქუჩის ფეხსაცმლის მწმენდავთან ერთად, სხვა ტილოზე ის და კინტო განუყრელი ძმაკაცებივით არიან გამოსახულნი. კინტოს და ჩარლი ჩაპლინის გმირს შორის ბევრია საერთო: მხიარულება, ენერგიულობა, სიცუღლუტე, ფამილიარობა... თავად ჩარლიც ბატონ ზურაბის ტილოებზე ქართველს ჩამოგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ.... მიუხედავად "პატარა მაწანწალას” გამოსახულებიანი ზოგიერთი ნაწარმოების მელანქოლიური ტონალობისა, მხატვრის ტილოებში იგრძნობა ხელოვანის მთავარი მოწოდება - სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში ეს სიყვარულია.