ავტორი:

"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში

"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში

თურქეთში ეთნიკური ქართველების იდენტობის პრობლემა ერთ-ერთი მწვავე და მტკივნეული საკითხია. დროთა განმავლობაში ბევრმა ქართველმა ეთნიკური იდენტობა შეიცვალა - თურქებად იქცნენ. უმეტესობის ეთნიკური ცნობიერება გაორებულია, რადგან ეს პრობლემა მჭიდროდაა ენის ცოდნასთან დაკავშირებული. ქართული ენა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწრაფად იკარგება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვიამბობს, ენის დაკარგვის პირველი მიზეზი - დიდ ქალაქებში მიგრაციაა, რომელიც უკვე თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. მეორე მიზეზად კი პროფესორი საყოველთაო სასკოლო განათლებას ასახელებს.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ქართველთა ეთნიკურ იდენტობას ჯერჯერობით კიდევ განსაზღვრავს თამარ მეფის ხსოვნა. შემორჩენილია გადმოცემები, რომ „გურჯების მეთავე“ „თამარ დედოფალი“ არტანუჯს იდგა. საყურადღებოა ისიც, რომ ყველა ციხის მშენებლობას თამარ მეფეს მიაწერენ. ქართული ცნობიერების პრობლემებთან ნეგატიურადაა დაკავშირებული აგრეთვე მითები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გურჯები საქართველოდან არიან გადასახლებულები. მურღულში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალით, ხეობის თავადაპირველი მკვიდრნი „ჯინოვზიები“ ყოფილან: „აქ ყოფილან ჯინოვზიები. რა ენაზე ლაპარაკობდნენ, არ ვიცი. აქაურები სულ ბათუმიდან არიან მოსულნი“.

ქართული ცნობიერებისა და ქართული ენის შენარჩუნებაში გარკვეული როლი თურქეთთან საზღვრის გახსნამაც შეასრულა. ერთ-ერთი მთხრობელის თქმით, „ჩემმა ბღარჭებმა ქართული არ იცოდნენ, კარი გაიხსნა, იმის მერე დეისწავლეს“. მეორე მთხრობელი სოფელ ქლასკურიდან ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებული გვქონდა ქართული, საზღვარი რომ არ გახსნილიყო.

ქართველთა იდენტობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი იყო ტრადიციები, ის ტრადიციები, რაც მხოლოდ მათ ჰქონდათ და რითაც ისინი სხვებისგან განსხვავდებოდნენ - მაგალითად, ცეკვა „ფერხული“ შეიძლება დასახელდეს. ქართველებს განსაკუთრებული ჰქონდათ ახალი წლის ტრადიციაც.

როლანდ თოფჩიშვილი:

- სოფელ ბუჯურში ქართველებთან ერთად, 6 კომლი ლაზიც ცხოვრობს - „ჭანური არავინ იცის. უფროსები ქართულად ლაპარაკობენ. ქმრის დედამ კი იცოდა ჭანური, მაგრამ შვილებმა არ იცოდნენ,“ - გვეუბნება მთხრობელი. ქართული ენისა და ქართული ცნობიერების შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი აქვთ საქართველოდან ჩასულ სეზონურ მუშებს, აჭარლები ძირითადად იქ თხილის კრეფაზე მუშაობენ: „ბათუმელებმა ჩემი თხილი ოთხ დღეში ოთხმა კაცმა მოკრიფა. ჩვენც დევეშველენით. ჩემი ბიჭიც აქ იყო. ერთი თვე აქ არიან. მერე სხვასთან კრეფენ“.

სოფელ თხილაზურში მცხოვრები აჰმედ თაფლაძის (46 წლის) ინფორმაციით, „სკოლაში რომ წავდი, მარტო ქართული ვიცოდი. გურჯებმა არავინ იცოდა თურქული. ბღარჭებმა თურქული რომ არ იცოდნენ, მასწავლებელი ბღავდა (უყვიროდა - რ.თ.). ზარი რომ დაირეკებოდა ოქულში, მაშინ ბავშვები ქართულად ვლაპარაკობდით. ახლა ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად.

ბუნებრივია, ეს მასალა პირდაპირ მიუთითებს თურქეთის ამ რეგიონში ქართული ენის სავალალო მდგომარეობაზე. ენის დაკარგვიდან ეთნიკური ცნობიერების დაკარგვამდე არც თუ ისე დიდი მანძილია.

იდენტობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისტორიის თავისებური ცოდნა. მაგალითად, სოფელ ტრაპენში ერთ-ერთმა მთხრობელმა აღნიშნა, რომ „არტანუჯი 500 წელი იყო საქართველოს დედაქალაქი. არტანუჯის ადგილის ყველა სახელები ქართულია“.

ქართველობის სიმბოლოა ქალისადმი დამოკიდებულება. ტრაპენელი მთხრობელის თქმით, „ქართველი ქალი ოჯახში იქნება, ყანაში არ ვარგა“. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. საქართველოს ქართულ ტრადიციებშიც ხედავენ: „ქართველი კაცი სად ნადი იქნება და იქ წავა - ნადი დახმარებაა. ნადის დროს სიმღერას „ჯივლელო ნანაი“ იტყოდნენ. ნადი სიმინდის მოტეხვის დროს, პურის ჭრაში იცოდნენ, სახლის მშენებლობის დროს“.

საყურადღებოა, ეთნიკურობაშენარჩუნებული ქართველების დამოკიდებულება გათურქებული ქართველების მიმართ. გათურქებულ ქართველებს ისინი „გადატრიალებულ ქართველებს“ უწოდებენ. მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „ათათურქობის დროს გადატრიალდნენ. მე მოვესწარი, ბერებმა იცოდნენ გურჯიჯა“.

არ შეიძლება არ შევეხოთ სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ისტორიულად არსებულ ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. ირკვევა, რომ აქა-იქ განსხვავებული სომხები ქართულად ლაპარაკობდნენ და მათ სომხური საერთოდ არ იცოდნენ: „ერმენლები რაბათში ქართულად ლაპარაკობდნენ, ცოტა-ცოტა გაგრძელებულად. მათი ენა აქაური ქართული იყო“.

ქართველობის თურქობით შეცვლის თემას ზოგიერთი მთხრობელი ასე ეხმაურება - „ათათურქის დროს გავხდით თურქი. ადრე ქართველი ვიყავთ, ბათუმცა მიბმული ვყოფილვართ“.

ქართველები იმითაც განასხვავებენ თავს სხვებისგან, რომ ისინი უბრალოდ თავს არავის დააჩაგვრინებენ: „ჩვენ აქაური მამალი ვართ. მამალი იმას ნიშნავს, რომ თავს არავის დავუდებთ. კუდზე თუ დამადგა, მორჩა საქმე“. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მასალა უნდა გავიხსენოთ. დევსქელისა და ქლასკურის ხეობებში ადგილობრივებს როდესაც ვკითხეთ: 1946 წელს თურქეთის ხელისუფლებამ არტანუჯელი ქართველები ბურსაში გადაასახლა იმის გამო, რომ საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ. თქვენ უფრო ახლოს ცხოვრობთ საზღვართან, როგორ გადარჩით-მეთქი? პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ ქართველები ყველანი შეიარაღებულ ვიყავით. თითოეულს 5 იარაღი მაინც გვქონდა. ახლაც ასეა. ჩვენ გასახლებასაც აპირებდნენ, მაგრამ ყველანი ტყეში გავედით. ჯარი გვესროდა და ჩვენც ტყიდან ვესროდით. სამი თვე ვერაფერს გახდნენ. და თავი დაგვანებეს“.

ეს არის ის, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ და რაც ჩვენი კვლევისა და დაკვირვების შედეგები გახლავთ.

"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

ყველაზე გაუგებარი მიშენებები საქართველოსა და უცხოეთში - ფოტოები

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი