ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. ლევან მოსიაშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო, რა დროსაც ტრაილერის ხმა მოესმათ, რამდენიმე წამში შეჯახების ხმაც გაიგონეს და დაინახეს დამტვრეული ორი ავტომობილი.
მისი თქმით, ისინი დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ.
"ცუდი მდგომარეობა იყო. იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ". ერთი მძღოლი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მეორე, "მერსედესის" მძღოლი საშინელ მდგომარეობაში გადმოვიყვანეთ. გამოვიძახეთ სასწრაფო, ადგილზე პატრულიც იყო. მას შემდეგ, რაც სასწრაფო მოვიდა, გვთხოვეს ადგილი დაგვეტოვებინა", - განაცხადა ლევან მოსიაშვილმა.
მოწმემ ასევე უპასუხა პროკურორის კითხვებს და განმარტა, რომ მას შეჯახებამდე ავტომობილები არ დაუნახავს და არც მუხრუჭების ხმა გაუგია.
სხდომას ადვოკატთან ერთად დაესწრო მერაბ კვირიკაშვილი. პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. მომდევნო პროცესი 24 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.