ავტორი:

ბრალდება სამარცხვინოა, მას არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია - რას ჰყვება მამა გიორგი ზვიადაძე პრემიერის გუშინდელ გამოსვლაზე

ბრალდება სამარცხვინოა, მას არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია - რას ჰყვება მამა გიორგი ზვიადაძე პრემიერის გუშინდელ გამოსვლაზე

მცდელობა იმისა, ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, ტრანსლაციისას მართლაც ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი და ის, რომ გარკვეულ ადამიანებს ბახტაძე თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნიეს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის და სიცრუეა.

„უაღრესად სამწუხაროა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 მაისს, როდესაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წმინდა მახათას მთაზე საზეიმოდ აღინიშნებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე და ასევე ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტყუილი და სიცრუე. მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა. მისი სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ პრემიერის სიტყვები ისმოდა გაგრძელებულად, რასაც ჩემთვის აბსოლუტურად არ შეუქმნია ეს შთაბეჭდილება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს აფიქრებინა, რომ პრემიერი თითქოს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არის სრული სიცრუე. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია“, - განაცხადა მამა გიორგიმ.

მისივე თქმით, დღესასწაულის კონტექსტში ეკლესიამ პრემიერისადმი დიდი პატივისცემა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მან მხარი დაუჭირა წმინდა სინოდისა და საქართველოს ეკლესიის ინიციატივას, ეს დღე გამოცხადებულიყო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განმარტება დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა თავად პრემიერმა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა - მოკვლევა მიმდინარეობს. მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძისსაუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები