ავტორი:

ცნობილ ჟურნალისტს ქალაქის ცენტრში ესროლეს და მოკლეს - ავღანეთში მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ

ცნობილ ჟურნალისტს ქალაქის ცენტრში ესროლეს და მოკლეს - ავღანეთში მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ

ავღანელი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა სამართალდამცველებმა სასწრაფოდ გამოიძიონ. BBC-ს ინფორმაციით, მინა მანგალი, რომელიც პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ტელეწამყვანად მუშაობდა, ქაბულში მოკლეს.

სამართალდამცველი უწყებები პირობას დებენ, რომ მკვლელს დაიჭერენ. ავღანეთის შსს-ს განცხადების მიხედვით, მანგალი, რომელიც ავღანეთის პარლამენტში კულტურულ საკითხებზე მომუშავე კომისიის მრჩეველი იყო, დედაქალაქში შაბათს დილით მოკლეს.

გარდაცვალებამდე მანგალმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ. მუქარის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ვერსიად ოჯახური დაპირისპირებაც განიხილება.

ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ სოციალური ქსელების ავღანელი მომხმარებლები ქვეყანაში ქალებზე ძალადობის შესახებ ალაპარაკდნენ. ბევრი მათგანი ძალიან არის შეშფოთებული ფაქტით, რომ მკვლელობა დედაქალაქში დღისით, საჯაროდ მოხდა.

„ქალი მოკლეს დღისით მხოლოდ იმიტომ, რომ კაცმა იფიქრა, ის სიკვდილს იმსახურებდა,“ - წერს ქალების უფლებადამცველი ვაზმა ფროგი „ტვიტერზე“.

მანგალი წლების განმავლობაში ქალების განათლებისა და მუშაობის უფლებების მხარდამჭერი იყო. მისი ერთ-ერთი კოლეგა შაგუფა ნურზაი წერს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ქალებზე ძალადობის გაგრძელებაა.

„ფარხუნდა ცოცხლად დაწვეს, მაჰსა გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს, ბიბი აიეშას ცხვირი მოაჭრეს, ქალები ქვებით ჩაქოლეს და დღეს მინა მანგალს 9-ჯერ ესროლეს. ამ დანაშაულების უმეტესობა დღისით მოხდა, დედაქალაქის ქუჩებში,“ - წერს ნურზაი „ტვიტერზე“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"