ავტორი:

ქართველი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს საქართველოს ისტორიას "ფეისბუქის" და "ტვიტერის" დახმარებით ასწავლის

ქართველი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს საქართველოს ისტორიას "ფეისბუქის" და "ტვიტერის" დახმარებით ასწავლის

სტანდარტული გაკვეთილების ნაცვლად, რომელზეც მოსწავლეები ისტორიულ ფაქტებს ძირითადად, იზეპირებენ, ნინო აბულაძემ გადაწყვიტა, ეს პროცესი "ფეისბუქის" და "ტვიტერის" დახმარებით გაეხალისებინა.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 46 წლის მასწავლებლის ამ მეთოდით, მოსწავლეები ქართველი მეფეების, ისტორიული გმირებისა და ფაქტების გამოყენებით, „ფეისბუქ“ ანგარიშებს ქმნიან და გმირებს „მესენჯერითა“ და სტატუსებით ალაპარაკებენ.

ბრძოლის ველზე Check-in, ისტორიულ ფაქტებზე დიალოგების მოფიქრება და სოციალურ ქსელში გადატანა მოსწავლეებს საგნის უკეთ შესწავლაში ეხმარება. როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, კლასში არ არსებობს მოსწავლე, რომელმაც საგაკვეთილო მასალა არ იცის და პროცესში ჩართული არ არის.

ნინო აბულაძე, რომელიც 20 წელია მასწავლებელია, საინტერესო და სახალისო გაკვეთილებზე ფიქრი 2010 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, გაკვეთილებზე პრეზენტაციების ფორმატი შემოიტანა, სოციალური ქსელების პოპულარობამ კი ახალი იდეა მოუტანა და აქედან დაიწყო საუკუნეების წინ მცხოვრები გმირების ალაპარაკება "მესენჯერის" დახმარებით.

"მე არ ვარ პირველი მერცხალი, რომელმაც სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყო. დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ გაკვეთილზე გამოვიყენე "მესენჯერი" და ერთმანეთში ვასაუბრე საფრანგეთისა და ინგლისის მეფეები. ისინი მე-12 საუკუნეში ერთმანეთს პირად წერილებს სწერდნენ. მაშინ ამან ძალიან კარგად იმუშავა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა თამარ მეფის ეპოქა უნდა ამეხსნა, გადავხედე სოციალურ ქსელს და ვნახე, რომ ერთ-ერთ მეგობარს თავის გვერდზე უცხოელი მასწავლებლის გამოცდილება ჰქონდა გაზიარებული. მასწავლებლის მიერ შექმნილი „ფეისბუქის“ ერთი გვერდი იყო ინგლისურ ენაზე და ეგვიპტის ერთ-ერთი მეფე ჰყავდათ გაცოცხლებული. მიხვდი, რომ შემეძლო, ეს გაკვეთილად მექცია. შესვენებაზე, ფერად ფურცლებზე დავწერე პერსონაჟები და როცა ბავშვები შემოვიდნენ, დავარიგე.

მათ შეხვდათ თამარის ეპოქის სხვადასხვა პერსონაჟის როლები და რაც ყველაზე მთავარია, თამარ მეფის შესახებ უცხო ტექსტზე უნდა ემუშავათ. ანუ ამ ტექსტიდან უნდა ამოეწერათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შემდეგ შეექმნათ მათი „ფეისბუქის“ პროფილები უნდა გაეკეთებინათ. ერთ-ერთი პროექტით მოგებული გვქონდა პლანშეტები და ტელეფონები და ვუთხარი, რომ ყველაფრის გამოყენების უფლება ჰქონდათ. ეს ფაქტობრივად, ერთ გაკვეთილში, 45 წუთის განმავლობაში განხორციელდა.

როდესაც პირადი გვერდები შეიქმნა და წამოვიდა კომენტარები, გამოჩნდა, რომ თამარ მეფეს შვილები ჰყავს, აბუბექრი ბრძოლის ველზე „დაჩექინდა“, სიმულაცია გაკეთდა, გიორგი რუსი როგორ ეხვეწებოდა თამარს, დამიბრუნდიო. როგორც უნდოდათ, ყველაფერი ისე გააკეთეს და გაუჩნდათ სურვილი, რომ ეს ყველაფერი რეალურად გადაგვეტანა სოციალურ ქსელში. მეც ვიყავი ამ პროცესში ჩართული და გიორგი მესამის როლი მქონდა მორგებული.

როდესაც „ფეისბუქში“, ონლაინ-რეჟიმში გადავინაცვლეთ, შევქმენით ჯგუფი, სადაც ძალიან სახალისო დიალოგები იყო: ზაქარია მხარგრძელი როგორ ეჩხუბებოდა რუქნადინს, დავით სოსლანს როგორ უნდოდა დახტზე დაჯდომა და ეს დიალოგები საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. ისე აიტაცეს და იმდენად ითამაშეს, რომ ზოგიერთი მათგანი ხუმრობით მწერდა კიდეც, რომ "თამარ მეფე დამეგობრებას მთხოვს და რა ვქნაო?"

ეს პერიოდი ვისწავლეთ და ახლა თამარ მეფის ეპოქაზე რაც არ უნდა ჰკითხოთ, ბავშვებს ყველაფერი ახსოვთ!“ - გვიამბო ნინო აბულაძემ.

ცოტა ხნის წინ ფეისბუქიდან „ტვიტერზე“ გადაინაცვლეს. ეს სოციალური ქსელი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, ამიტომ მოსწავლეებს თავდაპირველად, მისი მუშაობის პრინციპის შესწავლა მოუხდათ.

43-ე სკოლაში შექმნილია კლუბი, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი. სწორედ ამ კლუბის ფარგლებში ნინო აბულაძე მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებს ასწავლის. მოსწავლეები ევროპის, რუსეთისა და „პირველი ევროპელების“ მზიასა და ზეზვას როლებს ირგებენ. მზიამ და ზეზვამ უნდა გადაწყვიტონ, ევროპას აირჩევენ თუ რუსეთს, ამისათვის კი ყველა მხარის არგუმენტებსა და მუშაობის პრინციპს ისმენენ. დებატები დაძაბული და საინტერესოა, თუმცა მზიამ და ზეზვამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. პროექტს „პირველი ევროპელების“ არჩევანი ჰქვია.

"ამ პროექტის მიზანია მასალიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და მისი გააზრების უნარის გამომუშავება. ჩემი სამუშაო პროცესის მიზანი არის იმის გააზრება, თუ რას გვაძლევს ტექსტი, რა მასალა ილექება ამ ასაკის ბავშვებში. ჩემი მიზანია, მედია წიგნიერების ამაღლება, რომ ბავშვები ვიღაცის მცდარ ინფორმაციაზე არ წამოეგონ.

მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა ისწავლონ, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი წინაღობა დახვდებათ და თუ ისინი იქნებიან კრიტიკულად მოაზროვნეები, მაშინ მე ვიტყვი, რომ პატარა აგური ამ ქვეყნის მშენებლობაში დადებული მაქვს" - აღნიშნავს ნინო აბულაძე.

გარდა სოციალური ქსელებით სწავლების მეთოდისა, ისტორიის მასწავლებელს მოსწავლეები ექსკურსიებზეც დაჰყავს, გაკვეთილებს იქ უტარებს და ბავშვები იმ გმირების როლებს ირგებენ, რომელთა შესახებაც კონკრეტული მასალა უნდა აითვისონ. ბოლოს დმანისსა და ბოლნისში იმყოფებოდნენ, სადაც ნინო აბულაძის პროექტის ფარგლებში მზიამ და ზეზვამ ევროპას თავიანთი კულტურა და განვითარება უჩვენეს.

"ვფიქრობ, ვინმეს რომ ჩარჩოში მოვექციე, მე მასწავლებელი აღარ ვიქნებოდი. მშობლებს სულ ვეუბნები, რომ არ ვარ ტკბილი და თბილი მასწავლებელი, ზოგჯერ ზედმეტად მკაცრიც ვარ, მაგრამ ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს. თუ ვინმეს შენიშვნის გამო გავაბრაზე და ვაწყენინე, სულ ვეუბნები, რომ ვარ ეგოისტი და მინდა, რომ ისინი ძალიან კარგები იყვნენ.

ამ კედლებში ჩემი მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ, მე არ ვზღუდავ, ისინი საურობენ იმაზე, რაც სურთ, ოღონდ იციან, რომ ერთი სერიოზული წესი გვაქვს - საკუთარ აზრს როდესაც აფიქსირებენ, არგუმენტით უნდა გაამყარონ. მეშინია იმ მხრივ, რომ როდესაც ისინი გავლენ სკოლის გარეთ, ასეთი ადამიანები არ დახვდებიან და მინდა, რომ ისინი მიეჩვიონ, რომ სადღაც წინაღობა დახვდებათ, სადღაც შეხვდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც ეტყვის, რას ლაპარაკობ, გაჩუმდი. ამასაც ვასწავლი, რომ რაღაცნაირად, წინაღობის გადალახვა ისწავლონ და არც დაფრთხნენ“, - აღნიშნავს ის.

ამაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა ნინო აბულაძე 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რის შემდეგაც მას სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ პლანშეტები, ლეპტოპი, პროექტორი გადასცა, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს სასწავლო პროცესში.

ისტორიის მასწავლებელი „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ გაჩერებას არ აპირებს. გეგმაში აქვს, სასწავლო პროცესში მისი მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი პლატფორმა - „ინსტაგრამი“ ჩართოს. მისი მეშვეობით მოსწავლეები საქართველოს უახლეს და უმძიმეს ისტორიას - რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდს შეისწავლიან.