ავტორი:

"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე

"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე

სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.

გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას" - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

საოლქო პროკურორატურის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენისას სავარაუდოდ ორი იარაღია გამოყენებული - გეკოს ტიპის თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, გამყრელიძის სახლის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს