ავტორი:

"მეკო კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს", ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა" - მორაგბეების ავარიის საქმე ფინალურ ეტაპზეა

"მეკო კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს", ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა" - მორაგბეების ავარიის საქმე ფინალურ ეტაპზეა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე მალე ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს. მას ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს, რასაც დაღუპული გიორგი პაპასკირის ოჯახი არ იზიარებს და სამართლის აღსრულებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპნენ NISSAN TIDA-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ნუცას მეგობარი ანი ჩხაიძე. BMW X5 -ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მძიმედ დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

"კვირის პალიტრა" გიორგი პაპასკირის მამას, მალხაზ პაპასკირს ესაუბრა. ის მიზეზთა გამო სასამართლო პროცესებს აღარ ესწრება.

"ყველა მოწმემ ჩვენება შეცვალა"

- განვითარებულმა მოვლენებმა სახტად დამტოვა - საქმე ისე შეკერეს, აზრი აღარაფერს აქვს. კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს - ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებს ემყარება. თავის დროზე, პატრულის თანამშრომელმა მითხრა, ის თეთრი მანქანა, რომელსაც თითქოს მეკომ აუქცია გვერდი და ამის მერე დაეჯახა გიორგის "ნისანს", არ არსებობსო. ეს მანქანა გამოგონილია, კაციშვილს არ უნახავს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ პირდაპირ თქვა, თუ ეს მანქანა მართლაც არ არსებობს, მეკო დამნაშავეაო. ახლა მოწმეებმა გადათქვეს ყველაფერი, ერთ-ერთმა თურმე თვეების შემდეგ "გაიხსენა", რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი ავტომანქანა გამოუხტა. მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად მარჯვნივ შეატრიალა, რის გამოც მისი მანქანა მოცურდა და უმართავი გახდაო.

ჩემმა მოწმემაც კი, რომელმაც პირველ ჩვენებაში ჩემ თვალწინ დაწერა, BMW-მ ისეთი სიჩქარით ჩაგვიქროლა, ბავშვებს შეეშინდათო, ჩვენება გადათქვა. ისიც ვიფიქრე, მოწმეები დამუშავებული ან დაშინებული ხომ არა ჰყავთ-მეთქი, აბა, როგორ შეიძლება ყველამ ერთნაირად შეცვალოს და გადათქვას ჩვენება?! ფაქტია, კვირიკაშვილი წესების უხეში დარღვევითა და გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, რაც არა მხოლოდ სამხარაულის ბიუროს თავდაპირველი დასკვნით დასტურდება, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. მეკოს მეგობრები რომ იტყუებიან, ადამიანურად მესმის, არ უნდათ ამ ბიჭის დაღუპვა, მაგრამ მორალური კუთხით თუ შევხედავთ, როცა ასე ურცხვად იტყუებიან, ღვთის არ ეშინიათ? კიტრის ქურდობაზე ხომ არ მიდის დავა, ოთხი ოჯახი განადგურდა, უდედმამოდ დარჩენილ ჩემს პატარა კატოს შემდგომში რა პრობლემები ექნება, ესეც საკითხავია. საქმეში ბევრი კითხვაა და მათ პასუხი უნდა გაეცეს!

"ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, მეკოს ბედი შენს ხელშიაო"

- პირველად ის შევიტყვე, თითქოს მეკო კვირიკაშვილის ცოლი მართავდა საჭეს, რამაც დამაეჭვა, ვინაიდან ამ ავარიაში შედარებით უსაფრთხო სწორედ მძღოლის ადგილი იყო. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით მიდიოდა BMW X-5 მარკის ჯიპი, რომ მისი ძრავა მასზე 4-ჯერ მსუბუქ NISSAN TIDA-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა. სამხარაულის ბიუროს პირველი დასკვნით მეკოს ბრალეულობა გამოიკვეთა და ის დამნაშავედ ცნეს. ბიუროში მითხრეს, მერაბ კვირიკაშვილი 100%-იანი დამნაშავეა და ამ კაცის ბედი შენს ხელშიაო. პირველი ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა. ტელევიზიით ბევრმა ნახა (მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო), რომ ავარიის მომენტში მეკოს მანქანის სპიდომეტრი 183 კმ/სთ-ზე იყო გაჩერებული, ჩემი შვილისა კი 110-იც არ იყო, ანუ გიორგი დასაშვები სიჩქარით მიდიოდა. მერე იმ ჩანაწერს (კვირიკაშვილის სპიდომეტრის) ვეღარსად მივაკვლიე.

ამის შემდეგ გაავრცელეს მეორე ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს კვირიკაშვილი 93 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. სინამდვილეში, კვირიკაშვილის ჯიპი 200-ით მიდიოდა, მანქანა მიფრინავდა, საჭეს აღარ ემორჩილებოდა, შემოტრიალდა, მოცურდა და გიორგის დაეტაკა... ის გამოგონილი თეთრი მანქანა რომც გამომხტარიყო და კვირიკაშვილს მაღალი სიჩქარით არ ემოძრავა, არაფერი მოხდებოდა. კვინიკაძეს, კაცს, რომელიც ექსპერტ-გამომძიებელი იყო და დღეს ადვოკატია, მე ვერ ვაჯობებ, ისე დახვეწილად ვირეშმაკობენ, ამ შეკერილ საქმეს თავს და ბოლოს ვეღარ გაუგებ. კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს" და ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა.

"შურისძიება არ მწყურია, მხოლოდ სამართალს ვეძებ"

- არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ვიდეოთვალი ცალკე თემაა... ერთ კვირაში გამოსაძიებ საქმეს სამი წელი მოუნდნენ, ეგონათ, დავიღლებოდი. მე არავის ვუჩივი, არც შურისძიება მწყურია, მხოლოდ სამართალს ვეძებ. მეკოს ცოლის დაღუპვა და შვილების დაობლება ჩვენთვისაც ტრაგედია იყო, მისი ტკივილიც მესმის, მაგრამ ჭირისუფლების ასე აბუჩად აგდებას და ისე მოქცევას, ვითომც არაფერი მომხდარა, ვერავის ვაპატიებ. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ცნობილი და სახელოვანი სპორტსმენი იქნება თუ უცნობი რიგითი მოქალაქე. არანაირი შურისძიება არ იქნება, მაგრამ გაჩერება ძნელია. ძალიან გვიმძიმს ამ ტრაგედიის გადატანა. ამხელა უბედურება მოხდა და ასეთი უნამუსობა გასაოცარია!...წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს