ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.
სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძემაც.
საბოლოოდ, როენა ხუცურაულსა და ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.