ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა - ადვოკატი მის დაკავებას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა - ადვოკატი მის დაკავებას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მაჩალიკაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში 2 ადვოკატთან ერთად შევიდა.

სუს-ის შენობასთან ასევე იმყოფებიან მაჩალიკაშვილის მეუღლე და მისი მხარდამჭერები.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დაკავებას არ ელოდება, ვინაიდან არის უდანაშაულო და სჯობს დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ამის მიუხედავად სუს-ში სხედან.

"დაკავებას არ ველოდები იმიტომ, რომ მე არაფერი ჩამიდენია. დასაკავებელი ამ შენობაში ზის რამდენიმე ადამიანი, ჩემზე წინ ვისაც დაუშავებია ჩემს წინაშე, მთელი ერის და მთელი საქართველოს წინაშე, ქისტი მოსახლეობის წინაშე. სისხლში გასვრილი ხელებით სხედან აქ. არ მაქვს დაკავების მოლოდინი, რადგან არაა ჩადენილი არანაირი დანაშაული და არც დანაშაულის მცდელობა არ არის", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თუმცა მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა მაჩალიკაშვილი დააკავონ.

„ოფიციალურად, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია 2018 წლის მაისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგრამ მისი დაკითხვა უკავშირდება სხვა ფრაგმენტს, ამავე საქმეში, რომელიც სავარაუდოდ ეხება გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერს. როგორც ინფორმაცია გვაქვს, უნდა წარმოადგინონ სხვა მტკიცებულებებიც. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ და იმიტომ მივდივართ, რომ სამართლებრივი ენით ვისაუბროთ. ვნახოთ, განვიხილოთ და შევაფასოთ ეს მტკიცებულებები და ამის ირგვლივ პასუხი გავცეთ...

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულ მასალაზე წვდომა არ გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა ან არ ჰქონდეთ. ვერ ვიმსჯელებ, რამდენად მართებულია მისი დაკავების საკითხი, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ნება თუ არის, პროკურატურის ნება თუ არის, ამ შემთხვევაში საკმარისად ჩათვალონ ეს გარემოება და დააკავონ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

პარალელურად, პანკისის ხეობაში აქცია გაიმართა, ადგილობრივები ძველ მეჩეთთან შეიკრიბნენ და განმარტეს, რომ ისინი სპეცოპერაციის დღიდან მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარს უჭერენ.

"თემირლანის საქმესთან დაკავშირებით საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა და ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ ვახა მაჩალიკაშვილთან ერთად. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მისდამი შესუსტდა, პირიქით, ძლიერია და ახლა სუს-ის განცხადების და აუდიო ჩანაწერების შემდეგ უფრო გაძლიერდა. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ვახა არის დაჩაგრულის პოზიციაში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსახლეობის თანადგომას, რის გამოც მადლობას ვუხდით მათ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს", - აცხადებენ პანკისის ხეობაში შეკრებილები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ