ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.
ასევე ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.
"100 წელიწადში ერთხელ დიდდება ეს მდინარე და სწორედ ახლა მოუწია. კალაპოტი საერთოდ აღარ არსებობს. წყალი რადენიმე მიმართულებით მიედინება. ჩახერგა თუშეთისკენ მიმავალი გზაც. დაგლეჯილია ელექტრობოძები," - აცხადებენ ადგილობრივები.
სტიქიამ ასევე პრობლემები შექმნა პანკისის ხეობის სოფლებშიც.