ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების მაღალი დონე და კომფორტი - მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyaristan-მა იფრინოს.
ავიაკომპანია Airastana-მ, რომელიც საქართველოდან ყაზახეთში დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი შვილობილი ავიაკომპანია დააფუძნა, რომელმაც ყაზახეთის შიგნით პირველი ფრენა პირველ მაისს კომფორტული, 180-ადგილიანი თვითმფრინავით შეასრულა.
პირველ ეტაპზე Flyaristan-ს Airbus A320 ტიპის ორი თვითმფრინავი მოემსახურება და ის ჯერჯერობით ყაზახეთში შიდა ფრენებს 6 მიმართულებით განახორციელებს, თუმცა მომავალში იგეგმება, როგორც საჰაერო ხომალდების რაოდენობის, ასევე რეისების ზრდაც.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებსა და საქართველოში შემოსავლასთან დაკავშირებით, Ambebi.ge პიტერ ფოსტერს ესაუბრა, რომელიც Airastana-ს აღმასრულებელი დირექტორია:
- როდის შეგვეძლება საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Flyaristan-ის ხილვა ?
- კომპანიის გეგმებში შედის ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2020 წლის დასაწყისისთვის. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენ თითოეულ ამ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში უნდა ვიპოვოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც ძირითადი აქციონერი იქნება.
ავიაკომპანიის გეგმებში შედის არა მხოლოდ საერთაშორისო მარშრუტების გახსნა, არამედ კონკრეტულად ამ ქვეყანაში რამდენიმე თვითმფრინავის განთავსება, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ასეთ ადგილად ქუთაისის აეროპორტს განვიხილავთ.
- აპირებს თუ არა Flyaristan საქართველოში უკვე არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizz air-ისთვის კონკურენციის გაწევას და ევროპის მიმართულებით ფრენას?
- ჩვენ ვერ ვხედავთ უკვე არსებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევის და ფრენების იმავე მიმართულებით განხორციელების აუცილებლობას, რა მიმართულებითაც ის უკვე არსებობს, ამიტომ ვფიქრობ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ფრენებს აზიის მიმართულებით განვახორციელებთ.
- თქვენი შეფასებით რა არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის უპირატესობები და როგორ ფასებს შესთავაზებთ მომხმარებელს?
- მთელი აზრი იმაში დევს, რომ ჩვენს მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვოს როგორ სურს ფრენა, მას შეუძლია აირჩიოს როდის სურს ბილეთის დაჯავშნა, რადგან რამდენადაც ადრე დაჯავშნის, მით უფრო იაფი იქნება. ასევე შეუძლიათ განსაზღვროს, სურს თუ არა ბარგის ყიდვა, ჭამა და დალევა დამატებით. წინასწარ იმის მითითებაც კი შეუძლიათ რისი ჭამა და დალევა სურთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევანი მომხმარებლის ხელშია. ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ფასები, რომლებიც უხეშად რომ ვთქვათ, ნახევარია ამ დრომდე არსებული ფასებისა. ეს ძალიან დადებით როლს ასრულებს ტურიზმის განვითარებაში და მოსახლეობის მობილობის გაზრდაში.
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოპულარობაზე, გეტყვით, რომ ჩვენ ბილეთების გაყიდვა 29 მარტს დავიწყეთ და იმ დღიდან ამ დრომდე 50 ათასი ბილეთი გავყიდეთ.
- რამდენი თვითმფრინავი ემსახურება ავიაკომპანია Flyaristan-ს ამ დროისთვის და როგორია გაფართოვების სამომავლო გეგმები?
- ამ დროისთვის Flyaristan-ს ორი თვითმფრინავი ჰყავს, ჩვენ გვეყოლება 4 მიმდინარე წლის ბოლოსთვის, 9 მომავალი წლის ბოლოსთვის და 15 საჰაერო ხომალდი 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა, ვფიქრობ რომ თუ საერთაშორისო ფრენებზე ჩვენი გეგმები წარმატებით განხორციელდება, მაშინ ველოდებით რომ 15 თვითმფრინავი 24-მდე გაიზრდება.
თვითმფრინავის სალონში ახალი ტყავის სავარძლებია დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ სიმჭიდროვე მაქსიმალურად არის გაზრდილი, რიგებს შორის მანძილი მაინც მოსახერხებელია და 70-დან 82 სანტიმეტრამდე მერყეობს.
ავიაკომპანია Airastana-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია საჭირო დროს გაჩნდა და ის მგზავრებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ხშირად და გაცილებით იაფად იმოგზაურონ.