მამაჩემის ხმას ჰგავს, ვიცანი, მაგრამ თითქმის ერთი წელია მამა და ჩემი ბიძაშვილი 24 საათი ერთად არინ. როგორ ფიქრობთ, ასეთ რამეს ტელეფონით რატომ დაგეგმავდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.
"ვუსმინე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ვიცანი მამაჩემის ხმა, თუმცა აქ არ ისმის ჩემი ბიძაშვილის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. ჩვენი ოჯახი თემირლანის სიკვდილიდან დღემდე ვიბრძვით, რომ ტერორისტების სახელი მოვიშოროთ და ამას არავინ დაგეგმავდა. ოჯახშიც არ ყოფილა ამაზე საუბარი არასოდეს. რაც შეეხება მამაჩემის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა აფეთქებას აპირებდა, ეს იყო ემოციურ ფონზე. მაშინ ამაზე თვითონაც ისაუბრა. ჩვენ ვფიქრობთ და ეს ცხადიც არის, აქამდე ვერ დაამტკიცეს თემირლანის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ამით ცდილობენ პროვოკაცია მოგვიწყონ. ამით ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ტერორისტები ვართ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. ჩვენ არაეთხელ გვიხსენებია იოსებ გოგაშვილის გვარი, როგორც ოჯახში, ასევე საჯაროდაც, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით მის სამართლებრივ დასჯას. სხვა მიზანი ჩვენ არ გვქონია", - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში საგანგებო განცხადება გაკეთდა. უწყება ეჭვობს, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე მისი ძმიშვილი მორის მაჩალიკაშვილი უნდა იყოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.