რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა გოგონამ თეკლა ეკალაძემ რუსულ მუსიკალურ შოუში "ТЫ СУПЕР!" ვაჟა ტუღუშის ცნობილი სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. 9 წლის ობოლი გოგონას სიმღერამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - მისი სიმღერა ასი ათასობით ტელე და ინტერნეტმაყურებელმა ნახა, თეკლას ტრაგიკულმა ისტორიამ კი ყველას აუჩუყა გული.
გოგონამ სიმღერა გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა. თეკლა 3 წლის იყო, როდესაც მამა ზღვაში დაეხრჩო, 4 წლის შემდეგ კი მის დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა. ობოლ გოგონას ზაჰესში ბებია ზრდის.
თეკლას შოუში გამოსვლას ქართველი ინტერნეტმომხმარებელი ასე გამოეხმაურა:
"სასწაულად წკრიალა ხმა გაქვს პატარა ფერიავ! წარმატებული იყავი ყოველთვის"; "შენ საქართველოს სიამაყე ხარ, შენ ობოლი არა ხარ, შენ ყველას შვილი ხარ, უფლის წყალობა"; "ჩემო კარგო ლამაზო და ჭკვიანო გოგო, ნამდვილად არ ხარ ობოლი, იმდენი სიყვარული და მოწონება დაიმსახურე ქართველი ხალხისგან, რომ მთელი შენი სიცოცხლე გეყოფა 100 წელი!"; "წარმატებები ამ უნიჭიერეს გოგონას ბებოს გულის გასახარად, დედიკოს და მამიკოს სულის საცხოვნებლად!"
პროექტის შესახებ თეკლა ეკალაძე palitravideo.ge-ს ესაუბრა. მისი თქმით, შოუში მონაწილეობისთვის საქართველოდან სპეციალური პროექტის ფარგლებში შეარჩიეს:
"ეს იყო ჩემთვის საოცრება. რა თქმა უნდა, არ ყოფილა მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ არ მქონდა სცენაზე გამოსვლის გამოცდილება და ცოტა ვღელავდი, რუსეთში ძალიან გულთბილად დამხვდნენ. ეს სიმღერა ჩემს გარდაცვლილ მშობლებს მივუძღვენი. ვიცი, რომ ისინი არსად წასულან და სულ ჩემთან არიან. ალბათ ამაყობენ ჩემით“ - ამბობს თეკლა.
თეკლა 4 წლიდან მღერის. მას სიმღერის ნიჭი ბებიისგან გამოჰყვა. გოგონა გამზრდელ ბებოსთან ერთად ტაძარში გალობს. თეკლაზე ბებია ზრუნავს, რომელსაც ერთადერთი შვილის გარდაცვალების ტკივილს შვილიშვილი უმსუბუქებს და ყველაფერს აკეთებს, რომ გოგონამ წარმატებას მიაღწიოს.
როგორც თეკლას ბებიამ, ლალი იმერლიშვილმა „პალიტრავიდეოს“ უთხრა, გოგონამ დედის გარდაცვალება ძალიან რთულად გადაიტანა. დედის გარდაცვალებიდან 3 თვის განმავლობაში თეკლა სრულიად უკონტაქტო გახდა და მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.
"დედა თეკლას ჩააკვდა ხელებში. მაკა რომ ცუდად გახდა, ვყვიროდი, დედა, არ მომიკვდე, შენც არ დამტოვო-მეთქი. ბავშვიც ყვიროდა, დედა, თვალები გაახილეო. დედამისს ესმოდა თეკლას სიტყვები, მაგრამ თვალების გახელა აღარ შეეძლო. მაკა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ერთი კვირა იყო კომაში და თეკლა ყოველდღე თვალებს ხატავდა და საავადმყოფოში მატანდა, ასე ლამაზად უნდა გაახილოს დედამ თვალებიო", - ამბობს თეკლას ბებია.
ოჯახს ფინანსურად თეკლას დედის მეგობრები ეხმარებიან. ლალი იმერლიშვილის თქმით, სახელმწიფოსგან გოგონა ობლობის პენსიას - 200 ლარს იღებს. გოგონას ბებიას იმის იმედი აქვს, რომ თუ თეკლა შოუ "ТЫ СУПЕР!"-ის ნახევარფინალში გავა, ის 18 წლის ასაკამდე სტიპენდიას მიიღებს.
ავტორი: თიკო გურაშვილი