ავტორი:

2.000.000.000 ლარი წყალში გადაიყარა?!

2.000.000.000 ლარი წყალში გადაიყარა?!

შეღავათიანი აგროკრედიტი, გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა, "დანერგე მომავალი", ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სახელმწიფო 2013 წლიდან ბიუჯეტიდან აფინანსებს და დაახლოებით 6 წელიწადში 2 მილიარდ ლარამდე აქვს დახარჯული. ასეთი დიდი სახელმწიფო ინვესტიციის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მცირდება, მცირდება ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები, პირუტყვის სულადობა, ხოლო სხვაობა აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტს შორის კვლავ საგანგაშოდ მაღალია - დაახლოებით ორჯერ იმაზე მეტი შემოგვაქვს, ვიდრე ქვეყნიდან გაგვაქვს. დიდი სტატისტიკური გათვლები არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ბოლო დროს სავაჭრო ობიექტებიდან, ფაქტობრივად, გაქრა ადგილობრივი წარმოების ხახვი, ნიორი, კომბოსტო და სხვა ბაღჩეული, მათი ადგილი კი ბაზარზე თურქეთიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და უზბეკეთიდან იმპორტირებულმა პროდუქტებმა დაიკავა...

სოფლის მეურნეობაში დახარჯული 2 მილიარდი ლარის მიუხედავად, აღარაფერს ვამბობთ ამ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებზე, ერთ-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტის - ხახვის 64% საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოდის. მაშინ, როცა შიდა ქართლს ხახვის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს და საქართველოში მოყვანილი ეს პროდუქტი გემოთი და ხარისხით გამორჩეულია. ამ დროს კი ის ძალზე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ნიდერლანდებიდანაც კი.

2017 წელს იმპორტირებული იყო 17,82 ათასი ტონა ხახვი, 2018 წელს კი უკვე 27,36 ათასი ტონა. იმპორტის ზრდას ადგილობრივი წარმოების შემცირება იწვევს - 2017 წელს საქართველოში მოწეული 9,1 ათასი ტონა ხახვი წინა წელს მოყვანილი 18,5 ათასი ტონის დაახლოებით ნახევარია. 2018 წლის მონაცემები "საქსტატს" ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მზარდი იმპორტი იმის ნიშანია, რომ სანუგეშოს არაფერს უნდა ველოდოთ.

საქართველოში გაორმაგებულია კომბოსტოს იმპორტიც, რამაც ის დაახლოებით ორჯერ გააძვირა. შარშან ქვეყანაში 2 ათას ტონამდე კომბოსტო შემოვიდა, მათ შორის თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ნიდერლანდებიდან. საქართველოში კი წარმოება მცირდება - 2017 წელს მოყვანილი 17,4 ათასი ტონა კომბოსტო 2011 წლის მონაცემის ნახევარია...

რთულია სუბსიდირების ეფექტიანობაზე იმსჯელო მრავალწლიანი კულტურების ან თუნდაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით რომელიმე საწარმოს შექმნის მაგალითზე, რადგან შედეგი შეიძლება გრძელვადიან პერიოდში დადგეს, მაგრამ როცა საქმე ერთწლიან კულტურებს ეხება, 2 მილიარდი ლარის ეფექტი უკვე უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, პირიქით არის - ერთწლიანი კულტურების წარმოება 2014 წლიდან დღემდე მცირდება. 2014 წელს საქართველოში 291,6 ათასი ტონა სიმინდი მოვიყვანეთ, შარშან კი მისი წარმოება 190 ათას ტონამდე შემცირდა.

თითქმის არ გაზრდილა ბოლო წლებში კარტოფილის წარმოება (215 ათასი ტონა 2014 წელს და 218 ათასი ტონა - 2018-ში). ბოლო წლებში შემცირდა ბოსტნეულის წარმოება - 153 ათასიდან 138 ათას ტონამდე. ასეთ ვითარებაში კიდევ მეტი სიმწვავით დაისმება შეკითხვა: სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიარდები და რატომ ვერ გაამართლა სახელმწიფოს აგროპოლიტიკამ?

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის ექსპერტი: "დღეს სოფლის მეურნეობა ეკონომიკური ეფექტიანობით რომ არ გამოირჩევა და ამ დარგში დასაქმებულები სარგებელს ვერ იღებენ, ამაზე ხელფასების სიდიდეც მეტყველებს, რომლითაც სოფლის მეურნეობა ბოლოდან მეორე ადგილზეა განათლების შემდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე პენსია-დახმარებებიდან მიღებული. ამის შემდეგ, წესით, აღარც უნდა განვაგრძოთ საუბარი. წაიკითხეთ სრულად

"წლის ბოლომდე გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის" - მერი

ათენიდან სპეციალური რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

ვის და რატომ უჩივის ბიძინა ივანიშვილი - რას წერს Bloomberg-ი?