დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
თავის მხრივ, ინვესტორი კომპანია „კასს ლენდის“ დამფუძნებელი ხანოხ კასი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
„ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა ხანოხ კასმა.
ინვესტორის თქმით, პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება და შედეგად ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 1 მლნ-ით გაზრდაა მოსალოდნელი.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, დაშბაშის კანიონსა და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შპს „კასს ლენდმა“ გაიმარჯვა და ამ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - შუშის ხიდი, რომელი იქნება 240 მეტრის სიგრძის და კანიონის ერთი ნაპირიდან გადავა მეორე ნაპირამდე.
რაც შეეხება ყაზბეგის ეროვნულ პარკს, კომპანიამ აიღო ვალდებულება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს ურმის გზის ბილიკზე.
„კომპანიას ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა 45 წლის ვადით. შპს „კასს ლენდი“ ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიცია და გადაიხადოს ყოველწლიური ბრუნვის 5% და ასევე, 70 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით,“ - აცხადებენ სააგენტოში.