"არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა" - ამის შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის არ უნდა გასამართლდეს იქამდე, სანამ მოწმეებს არ ნახავს.
"ის, ვინც უთხრა, რომ ავტომატი უჭირავს ხელში და კლავსო, ჯერ ერთი, ბიძაშვილია ჩემი. არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა. რაც გინდათ ჩამიწერეთ, თუ გინდათ წლები მომეცით. სანამ ეს მოწმეები არ მოვლენ და პირზე არ დამაგდებიან და ჩემი შვილიშვილის ნათქვამს არ იტყვიან, მე არსად არ გავმართლდები. მე დედაკაცი მიკვდებოდა ხელში და ვინ კვდებოდა და ვინ არა, ეგ მე სულ არ მაინტერესებდა",-აცხადებს ბრალდებული.
85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.
VIDEO: კადრები სასამართლოდან სადაც 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს