ტაილანდის მეფის მაჰა ვაჯირალონგკორნის კორონაციის სამდღიანი მდიდრული ცერემონიალი დაიწყო. BBC-ს ინფორმაციით, ვაჯირალონგკორნს გვირგვინი მამის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს ერგო.
რამდენიმე დღის წინ სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფე პირადი დაცვის უფროსზე დაქორწინდა და ცოლს, სუთიდას დედოფლის წოდება მისცა.ტაილანდში საკონსტიტუციო მონარქიაა, თუმცა სამეფო ოჯახს საზოგადოება დიდ პატივს სცემს და მეფე საკმაო ძალაუფლებასაც ფლობს.
66 წლის მეფეს ცერემონიალზე თავზე 7.3 კგ-იანი ოქროს „გამარჯვების დიდი გვირგვინი“ დაადგეს. ღონისძიებას უამრავი ტაილანდელი ესწრება.
ვინ არის მეფე?
ვაჯირალონგკორნმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში მიიღო, შემდეგ კი კანბერაში სამეფო სამხედრო კოლეჯში გაიარა წვრთნა. ის ტაილანდის არმიის ოფიცერია და სამხედრო და სამოქალაქო მფრინავის კვალიფიკაციაც აქვს.
1972 წელს ვაჯირალონგკორნი სამეფო გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
სუთიდა მისი მეოთხე ცოლია, დედოფალი 2016 წლის დეკემბერში არმიის გენერალი გახდა.