"ფეისბუქზე" ვრცელდება ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა ბიჭი გიორგი ბადალაშვილია ასახული, ის ტელევიზორთან დგას, კადრში კი მისი ფოტო ჩანს, რომლის ტიტრი ამტკიცებს, რომ ბიჭი მეტროში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, გიორგი ბადალაშვილი "ფეიკ ნიუსის" მსხვერპლი გახდა - ბიჭმა და მისმა ოჯახმა საინფორმაციოს ყურების დროს გაარკვიეს, რომ ის "გარდაიცვალა".
რეალურად კი "რუსთავი 2"-ის შეცდომის გამო, 9-საათიანი "კურიერის" ერთ-ერთ სიუჟეტში გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილის ფოტოს ნაცვლად, ცოცხალი გიორგი ბადალაშვილის ფოტო აჩვენეს.
VIDEO: სიუჟეტი, რომელშიც ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადეს - რა შეცდომა დაუშვა "კურიერმა"
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ფოტოსურათი მალევე გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო საიტებმა და ფეისბუქ-გვერდებმა, რის გამოც ფეიკ-ნიუსი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.
უბედური შემთხვევა სარაჯიშვილის მეტროში 3 მაისს, დილის საათებში მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბაქანზე მდგარი 20 წლის ბიჭი ლიანდაგზე ჩახტა და მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა, შეჯახება მაინც მოხდა. ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.