საქმეზე ობიექტურად მიმდინარე მსვლელობა აჩვენებს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ განუცხადა. ის დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო გაათავისუფლა.
როგორც ჭანტურია განმარტავს, მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს.
"ეს დღე და გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც უკვე მეორედ დადასტურდა, რომ ჩემი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები არ არსებობს. საქმეზე ობიექტურად მიმდინარე მსვლელობა აჩვენებს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ის რასაც მედავებიან, „ჩადებული“ მოწმეებით და ფალსიფიცირებული ჩვენებებით, მხოლოდ და მხოლოდ განტევების ვაცის პოვნის მცდელობაა. რამდენადაც კანონი მოითხოვდა 9-თვიანი ვადის ამოწურვისთანავე, უნდა მომხდარიყო ჩემი გათავისუფლება და რამდენადაც ამ პერიოდში ჩემ დამნაშავეობასთან დაკავშირებით კავშირი რეალურად ვერ იქნა დადგენილი, გათავისუფლება მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ჭანტურიამ.