ავტორი:

როგორი იყო და რა იყიდებოდა თბილისის უძველეს სავაჭრო ცენტრებში - სამი მთავარი ბაზრის ისტორია

როგორი იყო და რა იყიდებოდა თბილისის უძველეს სავაჭრო ცენტრებში - სამი მთავარი ბაზრის ისტორია

თბილისის ცხოვრებაში ბაზარი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. 1800 წლისთვის დედაქალაქში სამი ძირითადი ბაზარი არსებობდა. იყო ასევე წვრილი და ისეთი ბაზრები, სადაც მხოლოდ რაიმე საგნის, ან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ჰყიდდნენ. 1887 წლის წყაროებში კი თბილისში უკვე ოთხი ბაზარია მითითებული: ავლაბრის, სალდათის, თათრის მეიდნის და ვერის ბაზარი, თუმცა თბილისის სავაჭრო ცენტრი თათრის მოედანი იყო და ცენტრალურ ბაზრად ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა. იქვე დილაუთენია თავს იყრიდნენ მშენებლობაზე, მიწასა და ბაღ-ბოსტნებში სეზონური მომუშავენი.

როგორც ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვეუბნება, 1880-იანი წლებისთვის მეიდანზე დაახლოებით 20 000 კაცი იყრიდა თავს. იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მოცემულია თბილისის ბაზრის ცოცხალი სურათი, საიდანაც ვიგებთ, რომ სახელოსნო, დუქანი და ბაზარი განუყოფელ მთელს წარმოადგენდა. რიგად ჩამწკრივებულ სავაჭრო სახელოსნო დუქნებში მყიდველებს თავიანთ ნაწარმს სთავაზობდნენ: ხარაზები (ფეხსაცმელს), სარაჯები (ცხენის აღკაზმულობას), ბაზაზები (ფარჩას, მაუდს, ჩითს, მოვს), მექოშეები (ქოშს), ყაზაზები (ძაფს, ბაფთას, ზონარს), დაბაღები (ტყავს), ჩილინდრები (გასაღებებს). იქვე იყვნენ ოქრომჭედლები, კალატოზები, ხუროები, დურგლები, ხარატები, მეჩახმახეები, მეთოფეები, კალატოზები, ხუროები, მეხანჯლეები, ფეიქრები, ქვის მთლელები, მეპურეები, დალაქები...

ჩასაცმელის რიგში შეეძლოთ ნებისმიერი ტანსაცმლის შეძენა, ქუდების რიგში - ქუდების.

სპეციალურ დუქნებში ვაჭრობდნენ სხვადასხვაგვარი (სპილენძის, მინის, ფაიფურის) ჭურჭლით... იყო ხალიჩების, ფარდაგების რიგებიც. მეიდანზე ხმაური საღამოს 10 საათისთვის მიყუჩდებოდა... იქ ხალხი მხოლოდ საყიდლებზე არ დაიარებოდა, ბაზარი ერთგვარი საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრიც იყო.

როგორც ბატონი როლანდი აღნიშნავს, 1774 და 1781 წლების თბილისის აღწერებში კიდევ დასახელებულია შემდეგი პროფესიები: მჭედელი, ფეიქარი, მეურმე, ჩარჩი, დალაქი, ბაყალბაში, მკერვალი, მეწუღე, ქვისმჭრელი, მეაბანოე, მესანთლე, მეფურნე, მჩითავი, ნალბანდი, მექვაბე, ვაჭარი, მეთევზე, მებაღე, მეწისქვილე, მეჭურჭლე, მეჯორე, მგალობელი, მზარეული, მეფიცხე, მეკურტნე, მელავაშე, მელეინე, მეღორე, მეჩანგლე, ყასაბი, მხერხავი...

"თათრის მოედანი" მუშტრის სიმრავლით გამოირჩეოდა. ძირითადად სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა.

როგორც იოსებ გრიშაშვილი წერდა, თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი - დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი ჯერ ქალაქის მაცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ ქორ-ვაჭრებს. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლიდან ჩამოსულთა აღებმიცემობა. მესასწორეს ყაფანდარი ერქვა. ყაფნები ჩვეულებრივ ბაზრის წინ იდგა. ყაფანდარი ქირას იღებდა ბაზარში შესულ ისეთ საქონელზეც, რომლის აწონვა არ ხდებოდა... მაგალითად, ბაზარში გასაყიდად მოყვანილ ცხენსა და ჯორზე ერთ აბაზს იღებდა. აქლემზე - 14-ს, ძროხაზე - ერთ შაურს. „სალდათისა“ და „იარმურკის“ ბაზარს დიღმელები „ყაფნი ბაზარს" უწოდებდნენ...

„სალდათის ბაზარში“ სამუშაო დღეებში მხოლოდ პროდუქტებით, მათ შორის, ხილით ვაჭრობდნენ. კვირაობით კი იქაურობა თავისებური „იარმარკა“ იყო (ამიტომაც მეორენაირად ამ ბაზარს „იარმურკას“ ეძახდნენ). იყიდებოდა ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცთა სხვადასხვა ნაკეთობის - ავეჯი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, სხვადასხვა წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთი. ახალი წლის წინ ყიდდნენ ნაძვის ხეებს და ფიჭვის ძირებს. ბაზარი სხვადასხვა სოციალური ფენის, ეთნიკური ჯგუფის საურთიერთო და ტრადიციული კულტურების შეხვედრების ადგილი იყო.

თუ „იარმარკის“ თემას დავუბრუნდებით, ყოველდღიური ბაზრის გარდა, არსებობდა ყოველკვირეული ბაზარი - "იარმარკა", რომელსაც მოსახლეობა „იარმურკას“ უწოდებდა. პირველი "იარმარკა" თბილისში 1828 წლის შემოდგომაზე გახსნილა. შემდეგ წლებში ყოველ კვირა დღეს საკვირაო ბაზრობა დღევანდელ "თავისუფლების მოედანზე" იმართებოდა. სავაჭრო მწკრივები გაჭიმული იყო, ქალაქის გამგეობის შენობიდან სემინარიამდე. ზოგი ძველ ტანსაცმელს, ზოგი ძველ ავეჯს, ჭურჭელს ჰყიდდა, იყიდებოდა ხილიც, იქვე ეწყობოდა აკრობატთა გამოსვლები, გაბმულ თოკზე სხვადასხვანაირ ნომრებს ასრულებდნენ. დაბლა სასაცილო ტანსაცმელში გამოწყობილი ტაკიმასხარები ნომრებს მიწაზე იმეორებდნენ. ვინმე დურგალი აბელა კი მაღალ ოჩოფეხებზე შემდგარი საყოველთაო გაკვირვებას იწვევდა თავისი სწრაფი და მოხერხებული სიარულით.

საბჭოთა პერიოდში თბილისის ყველაზე დიდი ბაზარი იყო „დეზერტირების ბაზარი“, რომელსაც ხალხი დღესაც ამ სახელწოდებით მოიხსენიებს. ეს სახელწოდება 1920-იანი წლებში დამკვიდრდა, რადგან იქ დეზერტირი ჯარისკაცები საკუთარ აღკაზმულობას, იარღს ყიდდნენ.

დუქნები

XVIII საუკუნის დასაწყისში თუ 200 დუქანი იყო, ამავე საუკუნის ბოლოსკენ, მათმა რაოდენობამ 500-ს მიაღწია. ამ დუქნებს, ან სავაჭრო-სახელოსნო ობიექტებს სამეფო სახლის წევრები მეფე, დედოფალი, ბატონიშვილები ფლობდნენ. დავით ბატონიშვილს 18 დუქანი და ქარვასლა ჰქონდა ნაბოძები ერეკლესაგან. მარტო „თათრის მოედანზე“ 12 დუქანი ჰქონია, რომელიც წლიურად 400 მანეთს შემოსავალს აძლევდა. ქალაქის სავაჭრო ნაგებობების ერთ-ერთი მსხვილი მესაკუთრე ეკლესია იყო (თბილისში არსებულ ყველა ეკლესიას თავისი კუთვნილი სავაჭროები ჰქონდა. მაგალითად, თბილელის მფლობელობაში იყო ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე დუქანი. თბილისში მცხოვრები იტალიელი კათოლიკეებიც კი ფლობდნენ დუქნებს).

XVIII საუკუნის თბილისში ფეოდალური არისტოკრატიის ბევრ წარმომადგენელს ჰქონია დუქანი. ამავე საუკუნიდან წვრილ ვაჭარ-ხელოსანთა დიდ ნაწილს მეფისა და ფეოდალური არისტოკრატიის ყმები შეადგენდნენ. თბილისის დუქნები დამშვენებული იყო ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატებით. გიორგი ლეონიძეს მისი ნახატები აღმოუჩენია „ბეგოს დუქანში“, „პატარქალიშვილის დუქანში“, „შავრობაშვილის დუქანში“, „ოზმანაშვილის დუქანში“, „მარკოაზაშვილის დუქანში“, „მესხიშვილის დუქანში“.

ბაზრებსა და დუქნებში ახალი ამბების გაგებაც შეიძლებოდა, „სალდათის ბაზარიც“ მტკვრის მარჯვენა მხარეს იყო, საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობის მოედანზე, იქ, სადაც ახლა „კარფურის“ სავაჭრო ცენტრია, „სალდათის ბაზარში“ ძირითადად დაბალი ჩინის რუსი სამხედროები ვაჭრობდნენ. „თავისუფლების მოედნის“ ტერიტორიაზე იმხანად ძირითადად შეშას და თივას ყიდდნენ. რიყეში, სადაც ძირითადად მოლოკნები ცხოვრობდნენ, უმეტესად გასაყიდად ცხენები და თევზი ჰქონდათ... ასე რომ, დედაქალაქის ბაზარ-დუქნები საუკუნეების წინ ასეთი გახლდათ, სადაც როგორც ვნახეთ, მხოლოდ ვაჭრობა არ იყო მთავრი საქმიანობა...

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში