სექსუალური შევიწროვება დასჯადი ხდება. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები დღეს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
რას ნიშნავს სექსუალური შევიწროვება?
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, 166-ე მუხლის მიხედვით სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
საქართველოში ქალებისთვის რომ სექსუალური შევიწროება ხშირი და მწვავე პრობლემაა, ამის შესახებ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, წლებია საუბრობენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაერო-ს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% სამუშაო ადგილზე.
სექსუალური შევიწროვების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილის დავაა. სამხარაძემ რამიშვილს საქმე ორ ინსტანციაში მოუგო. მართალია, 2018 წლის იანვარში, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის სახით სამხარაძისთვის 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
„იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა, იგი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ფარული აუდიოფაილი, სადაც შალვა რამიშვილი ემუქრებოდა, რომ თუ არ დათანხმდებოდა „თანაცხოვრებაზე", არა მარტო იმედიდან წასვლა მოუწევდა, არამედ ვერც ერთ ტელეკომპანიაში მუშაობას ვეღარ შეძლებდა.
უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს ძალოსანი თათია ლორთქიფანიძეც. მის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. მედიასთან ლორთქიფანიძემ, მსაჯის მხრიდან განხორციელებულ სექსუალური შევიწროვების დეტალებზე ხმამაღლა ისაუბრა:
"რუსთავის შეკრებაზე იყო შემთხვევა, რომ ოთახში ვისვენებდი, თემურ ჯანჯღავა შემოვიდა და დაინტერესდა თუ ვიყავი ორსულად. ჩემგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მოგვიანებით, საღამოს საათებში, მითხრა მაზს წაგისვამ საზარდულის არეშიო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის".
ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი, რომელმაც მისი თქმით, ნათქვამი ცინიკურად მიიღო.
"არ მეგონა, ასე ცინიკურად თუ მიიღებდა. ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა ჩემ მიმართ ჯანჯღავას მხრიდან-მეთქი და მითხრა, მერე რაო. მერე უკვე ზედმეტი იყო მასთან დიალოგის გაგრძელება. ფედერაციაში გიორგი ასანიძესაც (ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) რომ ვესაუბრე, რატომ ლაპარაკობო. იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ ჩემი თავი დამეცვა“, - ამბობს თათია ლორთქიფანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ იმ ქალების ანონიმურად მოყოლილი ისტორიები, რომლებიც სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროვების მსხვერპლნი გახდნენ. მსხვერპლი ქალები კანონში ცვლილებებს დადებითად აფასებენ:
ნ. ფ. "გზაზე ვიდექი პეკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილმა გააჩერა, ხომ არ მუშაობთო - არა-მეთქი ვუპასუხე მკაცრად. თუმცა, თავს არ მანებებდა, ჩაჯექი წაგიყვანო. ვერაფრით მოვიშორე. ვუყვირე, მაგრამ არავის უცდია ჩემი დახმარება. ვიცოდი, რომ არანაირი კანონი არ არსებობდა, რომ ეს მოძალადე დაესაჯათ, ამიტომ არსად დამირეკავს, აზრი არ ჰქონდა მაინც... ძალიან კარგია, რომ დასჯადი ხდება სექსუალური შევიწროვება, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მივმართავ შესაბამის ორგანოებს"
ლ. კ. "სექსუალური შევიწროვების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი საზოგადოებრივ ტრანსპორტშია. ამაზე ხმამაღლა საუბარი ყველას უჭირს, რადგან შეურაცხმყოფელია. არაერთხელ ვყოფილვარ მე პირადად მსხვერპლი. იყო შემთხვევა, როცა შუახნის მამაკაცი ჩემს უკანალზე შეხებას ცდილობდა. მაწვებოდა დიდი ხნის განმავლობაში, თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, გავბრაზდი და იქვე, მეტროში მდგომ პატრულს მივმართე დახმარებისთვის. პატრულის თანამშრომელს ყურიც არ შეუბერტყავს, ეღიმებოდა და არ დაურეკავს რეაგირებისთვის არსად... ეთხელ კიდევ მოხდა მსგავსი შემთხვევა და 112-ში დავრეკე. ოპერატორმა გვიპასუხა - ვერაფრით დაგეხმარებითო", - ყვება მსხვერპლი ქალი.
სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში საკანონმდებლო ცვლილებებს მნიშვნელობაზე ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის ოფისში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთა მიმართვიანობა გაიზრდება:
"ჩვენ ამ დრომდეც განვიხილავდით ასეთ საქმეებს, თუმცა ვხელმძღვანელობდით საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრა ეს დეფინიცია და რეაგირების გზები. შსს-სთვის ესაა ახალი თემა და მათ სჭირდებათ კარგად ჩამოყალიბება პრაქტიკის, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ჩართული კანონპროექტის მომზადების პროცესში, მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება და მისაღებია ეს დეფინიცია.
აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა ბოლო წლებში გაიზარდა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, თუმცა პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია. ამ ცვლილების შემდეგ ჩვენ ველით, რომ მომართვიანობა გაცილებით მაღალი იქნება" - განაცხადა ეკა სხილაძემ.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, სექსუალური შევიწროება ჯარიმდება 300 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში, მოძალადე 500 ლარით დაჯარიმდება, ან დაეკისრება გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით.
ჯარიმის ოდენობა იზრდება თუ სექსუალური შევიწროება ჩადენილია არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით. ამ შემთხვევაში მოძალადეს 500-დან 800 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.
ცვლილება შედის შრომის კოდექსის მეორე მუხლშიც. სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი დაევალება დამსაქმებელს და „სახალხო დამცველის შესახებ კანონში“ შემავალი ცვლილებების მიხედვით - ომბუდსმენსაც.