ავტორი:

"მინდა, შვილები კიდევ მყავდეს... ბიზნესის კუთხითაც საინტერესო გეგმები მაქვს" - როგორ ცხოვრობს დღეს 90-იანი წლების პოპულარული მომღერალი

"მინდა, შვილები კიდევ მყავდეს... ბიზნესის კუთხითაც საინტერესო გეგმები მაქვს" - როგორ ცხოვრობს დღეს 90-იანი წლების პოპულარული მომღერალი

მომღერალი ქეთი მერკვილაძე, რომელიც 90-იან წლებში პოპულარობის ზენიტში იყო, დღეს ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა კვლავ პოპულარულია - მშვენიერ ქალს ყველა ცნობს და მომღერალიც ცდილობს, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს - "მშვენიერი ქალის" სტატუსი გაამართლოს. მუსიკალური კარიერა არ მიუტოვებია, უბრალოდ, როგორც გვითხრა, პრიორიტეტები შეეცვალა...

- ქეთი, პირველად როდის იგრძენით თავი მშვენიერ ქალად? საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ალბათ, სკოლის დამთავრების შემდეგ. ბავშვობაში პრანჭია არ ვყოფილვარ, არც პრეტენზიული გახლდით: დედა როგორ სამოსს, ფეხსაცმელსა თუ ვარცხნილობასაც შემირჩევდა, თანახმა ვიყავი. გაპრანჭვას ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ: 15 წლის ვიყავი, როცა სცენაზე ჩემი სასიმღერო დებიუტი შედგა. სცენისთვის, ფოტო თუ სატელევიზიო გადაღებისთვის გაპრანჭვა საჭირო იყო, მანამდე არც მაკიაჟს ვიკეთებდი - სადად გამოვიყურებოდი.

- ახლა გარეგნობაზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობთ?

- ისევ პროფესიის გამო, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც სახლიდან გავდივარ, მცნობენ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე და მგონი, ყოველთვის ვახერხებ, კარგ ფორმაში ვიყო.

- თქვენს მაგალითზე გვითხარით, დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო, რომ ქალი კარგ ფორმაში იყოს, თავს მოუაროს?

- ამისთვის ფინანსები ნამდვილად საჭიროა. ამბობენ, სახლის პირობებში დამზადებული ნიღბების (ხილის, ყინულის...) გამოყენებაც შეიძლებაო, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. გარკვეული დოზით, მატერიალურად უზრუნველყოფილი მაინც უნდა იყო, რომ საკუთარ გარეგნობას - თმას, სხეულს, სახეს - მოუარო. რა თქმა უნდა, ფინანსები საჭიროა, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნაც შეიძლება: აუცილებელი არ არის, ძალიან ძვირად ღირებული საცხები შეიძინო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, საკმაოდ ძვირად ღირებული საცხი შემიძენია, მაგრამ არ მომიხდა და შემიცვლია. ქალი თუ მოინდომებს, თავის მოვლას მოახერხებს. როცა გოგონა ახალგაზრდაა, მას ბევრი არაფერი სჭირდება - ისედაც ლამაზია. რა თქმა უნდა, თანდათან ხელშეწყობა დასჭირდება...

- ამჟამად, თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- შვილი ჩემი უმთავრესი საზრუნავი, დიდი სიყვარული და საერთოდ, ყველაფერია. წინათ თუ მთელი დღე ჩემს რეჟიმზე იყო აწყობილი, ახლა უმთავრესი ჩემი შვილის დღის რეჟიმია. ძიძა პრინციპულად არ ავიყვანე - შვილი თავად გავზარდე. დედა ძალიან მეხმარებოდა. მთელ ყურადღებას, ენერგიას გიოს ვუთმობთ: ვიღვიძებთ, სკოლაში მივდივართ... შემდეგ, თუ ბავშვს რამე სჭირდება, მთელი დღე მის რეჟიმზეა აწყობილი.

- თქვენი შვილი გაგვაცანით: რა ინტერესები აქვს? დედა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- გიო 8 წლის გახლავთ. კერძო სკოლაში დადის. იქ საკმაოდ ბევრ დროს ატარებს. სკოლაში ბევრი წრე ფუნქციონირებს. შევნიშნე, რომ გიო ფოტოებს იღებს - მგონი, ფოტოგრაფია აინტერესებს. ვაკვირდები: ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესს თუ კიდევ გამოხატავს, შეიძლება, შესაბამის წრეზე "ჩავეწეროთ" და ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმაოს. ვიდეოებსაც იღებს. ერთხელ მითხრა, - ბლოგერობა მინდაო. ახალი თაობის წარმომადგენელია და სხვა ინტერესები აქვს. ნამდვილად არ ვეწინააღმდეგები. მეგობრულ-დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს. არ მინდა, ბრძანებებით აღვზარდო. მუდმივი დიალოგი გვაქვს, რამის გაკეთებას არ ვაიძულებ. მის აზრს, გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა თუკი რაღაცას არასწორად ფიქრობს, არგუმენტირებულად ვუხსნი, რატომ არ უნდა მოიქცეს ასე... როგორც ვხედავ, ასეთი ურთიერთობა უფრო მისაღებია, მით უმეტეს - ახალი თაობისთვის. ასაკის შესაფერის, თავის პატარ-პატარა პრობლემებს, საზრუნავს მანდობს... მოკლედ, შვილის აღზრდასთან დაკავშირებით, ავტორიტარული მიდგომა არ მაქვს.

- შვილის დაბადებამ თქვენი გეგმები, თუნდაც - კარიერასთან დაკავშირებული, ხომ არ შეცვალა?

- პრიორიტეტები შეცვალა. როგორც აღვნიშნე, პირველ ადგილზე ჩემი შვილი დგას. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის უზრუნველყოფილი იყოს. ვცდილობთ, საჭირო განათლება მივცეთ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ კარგ ადამიანად აღვზარდოთ. ჩემს კარიერას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემი ეგო მეორე ადგილზე გადავიდა, წინ კი ჩემმა შვილმა წამოიწია (იღიმის)... ეს შინაგან დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით - ამით ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მინდა, შვილები კიდევ მყავდეს. მიმაჩნია, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება ბავშვის გაჩენა და კარგი შვილის აღზრდა გახლავთ... რა თქმა უნდა, პერიოდულად მუსიკის სფეროშიც რაღაცებს ვაკეთებ: ორ სიმღერაზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს... კიდევ მსურს, სხვა საქმიანობითაც დავკავდე, რადგან გიო ცოტათი გაიზარდა და იმდენი დრო აღარ სჭირდება, რამდენიც წინათ - გარკვეულ დროს სკოლაში ატარებს. მოკლედ, ბიზნესის კუთხითაც საინტერესო გეგმები მაქვს.

- რა მიმართულებით?

- ისევ მშვენიერებას უკავშირდება (იცინის): სალონის გახსნას ვფიქრობ. ამ საკითხზე ვმუშაობ, რომ საინტერესო, მიმზიდველი სიახლე შევთავაზო ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ).

- ალბათ, გიოს თქვენი ყველაზე პოპულარული სიმღერა - "ქალს" მოსმენილი აქვს. მოსწონს? საერთოდ, თქვენი სიმღერის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ეს სიმღერა ძალიან მოსწონს. აღფრთოვანებული მიყურებს ხოლმე, როცა ხედავს "იუთუბზე" ჩანაწერებს რამდენი "ნახვა" აქვს. თუ ტელევიზიაში გადაღებაზე მივდივარ, ძალიან უხარია. ახლახან გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ამით აღფრთოვანებული იყო. სხვათა შორის, შინ დაბრუნებულს ისე მკითხა, როგორც გაზრდილმა ბავშვმა: - დედა, გადაღებამ როგორ ჩაიარაო? - გმადლობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი, - ვუპასუხე. - კარგი მაშინო... ზოგადად, ჩემით აღფრთოვანებულია: სიმღერით, გარეგნობით, ურთიერთობით და საერთოდ, ყველაფრით (იცინის). დიდი მეგობრები ვართ...წაიკითხეთ სრულად

რიკოთის მაგისტრალზე წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა - საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი