ჩვენ გვაქვს დიდი და მეგობრული ოჯახი ზუსტად ისეთი როგორზეც მე და ჩემი მეუღლე ვოცნებობდით, ჩვენ გვყავს ბევრი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ სითბოში სიყვარულში და მზრუნველობაში, - ამის შესახებ ტრეფიკინგში ბრალდებულის მეუღლემ იური სუსლიაკმა განაცხადა. როგორც სუსლიაკმა ჟურნალისტებთან „სკაიპით“ საუბრისას განაცხადა, ის აფხაზეთში ოჯახზე ადრე ჩავიდა, რადგან წინასწარ ეპოვნა სახლი და სამსახური.
„მე ადრე ჩავედი აფხაზეთში, აფხაზეთში ვიპოვე სამსახური და სახლი, რომელშიც იცხოვრებდა ჩემი ოჯახი და ველოდებოდი ჩემს ოჯახს აფხაზეთში. ჩვენ გვაქვს დიდი და მეგობრული ოჯახი, ზუსტად ისეთი, როგორზეც მე და ჩემი მეუღლე ვოცნებობდით. ჩვენ გვყავს ბევრი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ სითბოში სიყვარულში და მზრუნველობაში. ეს იყო ჩვენი ოცნება, რომელიც საბედნიეროდ ახდა“, - განაცხადა იური სუსლიაკმა.
იგი უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც მისი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელდა, მათ შორის ინფორმაციას ბავშვის შესაძლო გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. იური სუსლიაკის თქმით, ატეხილი სკანდალი მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მხრიდან „უტიფარმა ტყუილებმა“ გამოიწვია. იური სუსლიაკი საქმის პროკურორის თეა გიორგაძის მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან სუსლიაკის თქმით, პროკურორი, მის ოჯახს „ჩირქს სცხებს“.
„ვიდრე კითხვებზე გავცემ პასუხებს, მანამდე მსურს რამდენიმე სიტყვის თქმა, მე ვისაუბრებ როგორც მამა და როგორც ოჯახის თავი, იმ ოჯახის, რომელიც ამ წუთებში ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება. იმ ოჯახის, რომლის დედაც იმყოფება ციხეში, ხოლო ბავშვები ბავშვთა სახლში. როდესაც დაიწყო გამოძიება, ჩვენ ვითანამშრომლეთ გამოძიებასთან ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველა კითხვა იქნებოდა პასუხგაცემული. 26 აპრილს გამოძიება დაიწყო ჩემი მეუღლის წინააღმდეგ და მას ბავშვებთან კონტაქტი ორდერის საფუძველზე აუკრძალეს და როდესაც დააშორეს ერთმანეთს ჩემი მეუღლე და ბავშვები მაშინ მივხვდი, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ყველანაირი მტკიცებულებების და საფუძვლის გარეშე ჰქონდათ ამაზრზენი ეჭვები და მიიღეს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, ამიტომ მე, როგორც მამამ, მინდა მთელი სიტუაცია გავხადო საჯარო და გამოვხატო ჩემი პოზიცია საქმის პროკურორის მიმართ. ახლა ემოციური ვარ, მაგრამ საღ გონებაზე და სრული პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი. 26 აპრილს მოხდა საშინელი შემთხვევა- სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორი, ოფიციალური პირი, გამოვიდა და გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია. პროკურორი ირწმუნებოდა, რომ მათ ჰქონდათ დოკუმენტაცია, ერთგვარი მტკიცებულება, რომელიც მათ მოიპოვეს უცხოეთიდან და ამტკიცებს ერთ-ერთი ბავშვის გაყიდვას. პროკურორის რწმუნებით, ეს ფაქტი გახდა მიზეზი ბრალის წაყენების ჩემი მეუღლის მიმართ. ეს არის უტიფარი ტყუილი, რადგან პროკურატურას მსგავსი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ასევე პროკურორმა თქვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ცნობა არ არსებობს, ესეც უტიფარი ტყუილია. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსგავს რაღაცებს პროკურორი შეგნებულად ამბობს. პროკურორი ჩირქს გვცხებს და მე, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ! მე მზად ვარ, რომ მის წინააღმდეგ შევიტანო სასამართლოში სარჩელი და დავამტკიცო, რომ ის იტყუება. მე თხოვნით მივმართავ ჟურნალისტებს და საქართველოს მთავრობას, რომ გაერკვნენ სიტუაციაში“, -განაცხადა იური სუსლიაკმა.
ტრეფიკინგში ბრალდებულის მეუღლე გავრცელებულ ინფორმაციასაც უარყოფს, რომლის თანახმადაც, მის მიმართ უკრაინაში საქმე აღიძრა და ძებნაში იმყოფება. ამის საპასუხოდ იური სუსლიაკმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ყოველივე მისი კონკურენტების მხრიდან გორებული ე.წ.შავი პიარის ნაწილია.
„ჩემს წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული უკრიანაში და მე არ ვიმყოფები ძებნაში. ე.წ.შავი პიარია, რომელსაც ავრცელებდნენ ჩემი კონკურენტები, რომელიც დადასტურებული არ არის და მხოლოდ და მხოლოდ „შავი პიარის“ ნაწილია“, - განაცხადა იური სუსლიაკმა.