"დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა და ისიც, ვინც ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პანკისის ხეობის მკვიდრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მექა ხანგოშვილი.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, სადაც ხანგოშვილი გასულ კვირას პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
- რატომ აღიქვეს ასე მწვავედ პოლიციის გამოჩენა? ადეკვატური იყო მათი რეაქცია?
- მოსახლეობა მაშინ გახდა არაადეკვატური, როცა პოლიცია დაინახა, იფიქრეს, რომ რაღაცას უპირებდნენ. მანამდე მოლაპარაკებაზე იყვნენ შესული, ხალხი კი ლოცულობდა. როცა ამდენი პოლიციის მანქანა დაინახეს, პანიკაში ჩავარდნენ, სპეცრაზმი მოდის, ომი ხომ არ იწყებაო. ახალგაზრდებმა ამიტომაც ვეღარ გააკონტროლეს თავი.
მადლობა ღმერთს, სისხლის ღვრამდე არ მისულა საქმე, რაც ორივე მხარის დამსახურებაა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებდნენ - ერთმანეთს აშოშმინებდნენ და მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმმაც ძალა გამოიყენა, ვიცი, თავის ხალხს მოსაკლავად არ გაიმეტებდა, მაგრამ მათ, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, გაუჩნდათ ან პროვოკატორებმა გაუჩინეს ეჭვი, რომ გადასახლებას უპირებდნენ. ერთხელ ერთმა უხუცესმა თქვა: პანკისის ხეობა მოთუხთუხე ქვაბს ჰგავს, რომელსაც ყველა შეშას უკეთებს და ქაფის მოხდაზე არავინ ზრუნავსო. დაიღალა ხალხი.
- პანკისელებმა მუქარა გაავრცელეს, თუ დაკავებები დაიწყება, უარესს მიიღებთო.
- როცა შს მინისტრი იმუქრება, ის არ იყო მუქარა და ეს არის?! ჯოყოლოში სახალხო კრება ჩატარდა, იქაც გარე ძალებზე იყო საუბარი. ითქვა, თუ მასობრივი დაჭერები წავა, მაშინ ვინც იქ ვიყავით, ყველანი დამნაშავეები ვართ და ყველანი დაგვიჭირონო. ჰესს რაც შეეხება, როგორც გახარიამ თქვა, თუ მოსახლეობის 90% იქნება წინააღმდეგი, არ აშენდებაო. მგონი, ეს საკითხი დღის წესრიგშიც აღარ დგას.
ვფიქრობ, კრიზისი ჩავლილია, ხეობაში ყველაფერი ლაგდება, მთავარია, დაჭერები არ წავიდეს. მართალია, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაშინ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა, და ისიც, ვინც მშვიდობიან და ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა.
იმ დღეს ისეთი ტრავმირებული ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. ყველაზე ძალიან იმისი მეშინოდა, მესამე ძალა არ შემოსულიყო ხეობაში. კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია და არ იყო გამორიცხული, იმ მოტივით შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო.