ეს ფოტო ალბათ ბევრს გეცნობათ - მასზე პოპულარული დათვის ბელი გარინჩაა ასახული, რომელიც უკვე 1 წლისაა, უყვარს ჰამაკში დასვენება, წყალში თამაში, ხეზე ძრომა, არის ძალიან მსუნაგი და მოუსვენარი, თუმცა თვეების წინ სულ სხვანაირი იყო...
პატარა გარინჩა შეშინებული და ტრავმირებული იყო, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზოოპარკში ცაგერიდან მიიყვანეს. ბელს ფეხი დაზიანებული ჰქონდა და კოჭლობდა, რის გამოც გარინჩა შეარქვეს, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის პატივსაცემად.
ზომით ყველა ბელზე პატარა იყო, დამფრთხალი გარინჩა არავის იკარებდა, დღეს კი ზოოპარკის სარეაბილიტაციო პროგრამის მეშვეობით, ყველაზე ცელქი და პოპულარული ბელია, რომლის შესახებაც ოდესმე გსმენიათ.
როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, სარეაბილიტაციო პროგრამაში გარინჩას გარდა კიდევ ოთხი ბელია ჩართული, ყველას ისტორია იდენტურია... ბრაკონიერებისგან მოკლული დედა დათვების დაობლებული ბელების რაოდენობამ, ზოოპარკის ადმინისტრაციას უბიძგა, კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამა დაეწყოთ, რაც ცხოველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას ემსახურება.
"ასეთი ბელების შემთხვევაში რა მოხდა, ყოველთვის უცნობია ხოლმე, რადგან ძირითადად, გავრცელებული ლეგენდა ასეთია: მიდიოდნენ ტყეში და შეხვდათ დაკარგული დათვის ბელი. ასე დაიწყო გარინჩას ისტორიაც. შემდეგ ის მოხვდა ერთ-ერთ სოფელში, აღმოაჩინა გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა და ზოოპარკში ჩამოიყვანეს..." - აღნიშნავს გურიელიძე.
გარინჩა სხვა ბელებთან ერთად, სარეაბილიტაციო პროცესს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ზოოპარკში გადის. აქ მათ შესაბამისი გარემო პირობები და ბევრი გასართობი აქვთ, რომ არ მოიწყინონ და ამავდროულად, თავი ტყის ბინადრებად იგრძნონ, ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებლად მოემზადონ.
ზურაბ გურიელიძის თქმით, იმისთვის, რომ დათვის ბელები ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებლად კარგად მოემზადონ, ადამიანებთან არ უნდა იმეგობრონ და საკვების დამოუკიდებლად მოპოვება უნდა შეძლონ. ბელების სარეაბილიტაციო პროგრამა სწორედ ადამიანებისგან განრიდებას ითვალისწინებს. ზოოპარკის ადმინისტრაციამ მათ ვოლიერებში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა, რათა ბელების ქცევას თვალი მუდმივად ადევნონ:
"შემოიღობა გარემო, შევამცირეთ კონტაქტი მათთან და უახლოეს პერიოდში ბელებზე პასუხისმგებელი იქნება ერთი ადამიანი, რომელიც საკვებს მიაწვდის. ბელების სრულად იზოლირება მაინც არ გამოდის, რადგან დათვებს გონება, ყნოსვა და სმენა ძალიან აქვთ განვითარებული. ასე რომ, ძალიან კარგად აფიქსირებენ, საიდან რა ხდება. კონკრეტულად, როგორ მოხდება განრიდების გამომუშავება, ამის თქმა ძალიან მიჭირს. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით უნდა დავტესტოთ.
მთავარი ამოცანაა, ამ დათვის ბელებმა უნდა დაინახონ, რომ ადამიანი არის ცუდი
თავდაპირველად, ბელები რომ გავზარდოთ, უნდა მივიჩვიოთ, რადგან თავიდან იციან, რომ ადამიანი ცუდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ცუდები დავრჩებით, მათ ვერ გავზრდით, რადგან ამ პატარა დათვებს საწოვარათი ვაჭმევთ. მათ სჭირდებათ ყოველდღიური ყურადღება, რომ ჯანმრთელები გაიზარდონ, ასევე, ვიტამინების მიცემა, უამრავი რამ, ამიტომ იძულებულები ვართ, კონტაქტი გვქონდეს“, - განმარტა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დათვების სარეაბილიტაციო პროგრამა 3 წლის ასაკამდე განხორციელდეს, რათა მათ ბუნებრივ პირობებში არსებობისთვის საჭირო უნარები შეიძინონ. ზურაბ გურიელიძის თქმით, ნადირობა დაბადებიდან იციან და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მურა დათვები ძირითადად, მცენარეული საკვებითა და თევზით იკვებებიან, შესაბამისი გარემო სწორედ ამ ნადავლის მოსაპოვებლად აქვთ მოწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის სპეციალისტები ბელების სარეაბილიტაციო პროცესზე თავდაუზოგავად მუშაობენ, ტრავმა მათ ფსიქიკაზე მაინც უარყოფითად აისახება და ხანდახან ზრდასრულ დათვებსაც სტერეოტიპული ქცევა უყალიბდებათ.
"როდესაც ასეთი პატარა დათვის ბელები ზოოპარკში მოგვყავს, მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ წოვის რეფლექსი, რადგან დედის ძუძუს სრულფასოვნად მოწოვა ვერ შეძლეს. მაგალითად, ერთ-ერთ დათვის ბელს - კოპალას, დღემდე აქვს შენარჩუნებული წოვის რეფლექსი. ჯდება ბადესთან და იწყებს წოვას, გამოსცემს შესაბამის ხმებსაც. ზოგ დათვს ეს რეფლექსი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება. არის შემთხვევები, როდესაც თავშესაფრებშიც არ ცდილობენ, ეს ქცევა ჩაუქრონ. ჩვენ ვცდილობთ, გამოვლენის შემთხვევაში ამას ვებრძოლოთ.
წარმოიდგინეთ ბუნებაში სტრესული სიტუაცია, როდესაც დათვს ეს ქცევა შენარჩუნებული აქვს. ამ შემთხვევაში ის სრულფასოვან დათვად ვერ ჩამოყალიბდება“, - აღნიშნავს ზურაბ გურიელიძე.
იმისთვის, რომ ბუნებრივ გარემოში დაბრუნების შემდეგ დათვებმა საკვების მისაღებად ადამიანებს არ დაუწყონ ძებნა, ზოოპარკის თანამშრომლები ბელებს საკვების მოძიებას ასწავლიან - სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართულ ცხოველებს საკვების მოსაპოვებლად ხან მორების გადაგორება, ხან ხეზე ასვლა და სასურველი ნუგბარი ჩამოკრიფა, ხან კი მიწის ამოთხრა უწევთ.
"როდესაც ტყვეობაში მყოფ დათვს საკვებს პირდაპირ მივაწვდით, ამ ყველაფერს დაახლოებით, 4-5 წუთის განმავლობაში შეჭამს, დანარჩენი დრო კი რჩება იმისათვის, რომ არაფერი აკეთოს. მას ეს დრო არ უნდა რჩებოდეს და უნდა მოძებნოს საკვები.
ცოტა ხანში, ბელებთან ერთად უნდა შევუშვათ მგლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, ბუნებაში დათვები და მგლები ერთად ცხოვრობენ. სადაც დათვები გვყავს, იქ მგლებიც გვყავს და შესაბამისად, კონკურენტული ურთიერთობა იქმნება.
მგლების ვოლიერში შეშვების შემთხვევაში, მათ უწევთ თავიანთი საკვები დაიცვან. მგელი დათვისთვის საფრთხისმომტანი არ არის, თუმცა კონკურენტია. ბუნებაში მგელი არ ჭამს იმას, რისი მიღებაც ჩვენთან დაიწყო. მაგალითად, დათვებისგან იპარავენ ვაშლებს ან თევზს აცლიან პირიდან. ეს ყველაფერი საჭიროა - დათვები სწავლობენ თავდაცვას.
მგლებს განრიდების ძალიან დიდი ფუნქცია აკისრიათ, ბელებს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ, რაც სტერეოტიპული ქცევების გამოვლენას უშლის ხელს. ამასთან დათვები იგებენ, რომ მარტოები არ არიან ბუნებაში“, - განმარტა ზურაბ გურიელიძემ.
კონკრეტულად, როდის დაუბრუნდებიან ბელები ბუნებრივ გარემოს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მას შემდეგ, რაც ზოოპარკის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ ისინი ამისთვის მზად არიან, დათვები იქ გააგრძელებენ ცხოვრებას, საიდანაც ბრაკონიერების გამო წამოიყვანეს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის თქმით, დათვებს, რომლებიც ტყეს დაუბრუნდებიან, ექნებათ სპეციალური საყელო, რათა მათი ქცევის კონტროლი მოხერხდეს, შესაბამისად, გვეცოდინება, „ფეისბუქით“ გაცნობილი პოპულარული ბელები, მათ შორის, გარინჩა, ცხოვრებას როგორ გააგრძელებს.
ზურაბ გურიელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია დათვების სარეაბილიტაციო პროგრამაზე მუშაობს, ბრაკონიერობა და ცხოველების გართობის საგნად აღქმა საქართველოში მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამის მაგალითად გურიელიძეს პატარა ბელის - დარიკოს ისტორია მოჰყავს, რომელიც ერთ-ერთ რესტორანს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს.
„დათვების რესტორანთან ყოლა პოპულარული გახდა იმისთვის, რომ ხალხი მიიზიდონ. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი რაიონის რესტორნიდან ჩამოიყვანეს დათვის ბელი - დარიკო, რომელიც ცალი თვალით უსინათლო იყო, ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები, როდესაც გრძნობას კარგავდა და შეტევა ეწყებოდა. სამწუხაროდ, ეს ბელი დაიღუპა.
როდესაც დარიკო გავკვეთეთ, თავში დიდი ზომის ჰემატომა აღმოვაჩინეთ, რომელიც თავში ჩარტყმისგან ჰქონდა წარმოქმნილი. ცალი თვალი დაზიანებული სწორედ ამიტომ ჰქონდა
როდესაც რესტორნიდან შეზარხოშებული ხალხი გამოდიოდა, მათი ერთ-ერთი გასართობი ბელისთვის ლუდის მიწოდება იყო, შემდეგ კი ამ ბოთლებს თავში ურტყამდნენ..." - იხსენებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი.
საქართველოს კანონმდებლობით, ბრაკონიერობა დასჯადია და ზარალის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულამდეც მიდის საქმე, თუმცა სამწუხაროდ, უდანაშაულო ცხოველების დახოცვა მოქალაქეთა ნაწილისთვის კვლავ გასართობ საქმიანობად მიიჩნევა.
ფოტო: თბილისის ზოოპარკი, დათვების რეაბილიტაცია • Bear rehabilitation