მომღერალ იულია ნაჩალოვას გარდაცვალება გასულ თვეს რუსული მედიის ყურადღების ცენტრში იყო. პანაშვიდებსა და გასვენებაში ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის - რუსული ესტრადისა და კინოს ვარსკვლავები.
ნაჩალოვას შესახებ მისი კოლეგები გლოვის დღეებში სოციალურ ქსელებში წერდნენ. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ მომღერალი საოცრად თბილი ადამიანი იყო და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას არ მალავდნენ.
ორი დღის წინ კი მუსიკოსის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ახლობლები ნაჩალოვას მოსაგონებლად ჯერ საფლავზე, შემდეგ კი რესტორანში შეიკრიბნენ, თუმცა მათ შორის თითქმის არცერთი ვარსკვლავი, რომლებიც გასვენების დღეს კამერების წინ აქტიურად ჩანდნენ, არ ყოფილა.
ნაჩალოვას ორმოცი მის კოლეგებს არც „ინსტაგრამზე“ გახსენებიათ.
იულია ნაჩალოვა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. 16 მარტს მას გული გაუჩერდა და რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობაც ამით დასრულდა.
მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო - 2007 წელს, მკერდის ოპერაციისას, ინფექცია განუვითარდა და სისხლი მოეწამლა. ამას მოჰყვა პოდაგრის განვითარება, რომელიც გამუდმებით აწუხებდა და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა სამჯერ სცადა და შვილიც გააჩინა, ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გამუდმებით სტრესსა და ტკივილში ცხოვრობდა.