საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის მეტროპოლიტენში გახშირებულ ტექნიკურ შეფერხებებს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.
როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე „ინტერპრესნიუსთან საუბარში განმარტავს, მსგავსი შემთხვევების არსებობა სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე პერსონალის არაპროფესიონალიზმსა და მოძველებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
"პირველ რიგში, ასეთი ხშირი შემთხვევები ხდება იმიტომ, რომ სატრანსპორტო კომპანიაში და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ტოპმენეჯმენტი, თანამდებობის პირები არიან არაკომპეტენტურები ამ საქმეში. საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მართონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განსაკუთრებით ეს მწვავედ ჩანს თბილისის მეტროს შემთხვევაში. მეორეს მხრივ, არის ის ფაქტორი, რომ მოძველდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ესკალატორები, რელსები, გვირაბები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები. ამას თან ერთვის თბილისის მერიის მხრიდან არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტები. მაგალითად: როცა საუბრობს თბილისის მერი, რომ უნდა გაკეთდეს სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტრო, რა მიწისზედა მეტროზეა საერთოდ საუბარი?! მიწისქვეშ რაც უკვე გაკეთებულია, არის ჩამოშლილი, ჩამონგრეული და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერიაში, დაავიწყდათ დაზიანებული ხალხი, როცა ჩამოიგრა "ვარკეთილის" ჭერი", - აცხადებს მესხიშვილი.
მისივე თქმით, თბილისში მოქმედი, პრაქტიკულად ყველა ძველი მეტროსადგური, თავისი ინფრასტრუქტურით ამორტიზებულია, მგზავრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
"90 მილიონი დოლარის დახარჯვა ახლა თუ რამეს სჭირდება, არა მიწისზედა მეტროა, არამედ მიწისქვეშა მეტრო, რომლის რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მალავს იქ შექმნილ რეალურ სიტუაციას, თუმცა აღარც იმალება ეს და ამბობს, რომ ვითომ მეტრო არის უსაფრთხო. მეტრო უსაფრთხო აღარ არის", - განაცხადა დავით მესხიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".