ავტორი:

როგორ გახდა ორი თურქი მზარეული ინტერნეტვარსკვლავი - მათ ვიდეოებს ყოველდღე მილიონობით ადამიანი უყურებს

როგორ გახდა ორი თურქი მზარეული ინტერნეტვარსკვლავი - მათ ვიდეოებს ყოველდღე მილიონობით ადამიანი უყურებს

საქართველოში გემრიელად ჭამა ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც უყვარს. ხშირად არა მხოლოდ ჭამა, არამედ გემრიელი კერძების მომზადების პროცესის ყურებაც გვხიბლავს.

ქართველ ინტერნეტმომხმარებელში და არამხოლოდ ჩვენთან, დიდი პოპულარობით სარგებლობს ორი ძალიან დასამახსოვრებელი თურქი მზარეულის ვიდეოები - ნუსრეთ გოქჩესა და ბურაქ ოზდემირის მიერ ხორცისა და სხვა კერძების მზადების ამსახველ ვიდეოებს სოციალურ ქსელში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

ნუსრეთ გოქჩე, რომელსაც Youtube-სა და სხვა სოციალურ ქსელებში Salt Bae-ს (მარილის ბიჭი) სახელით იცნობენ, თურქი ყასაბი, შეფ-მზარეული და მსოფლიოს მასშტაბით რესტორნების ქსელის მფლობელია, სადაც ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ სტეიკს ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში, მის თაყვანისმცემლებს შორის რიგითი მოქალაქეების გარდა, კარგად ნაცნობ სახეებს - სპორტსმენებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვანებსაც შეხვდებით.

ნუსრეთ გოქჩეს ისტორია „ამერიკული ოცნების“ ასრულებაა. ის ერზრუმში დაიბადა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, მეექვსე კლასში სწავლისთვის თავი დაენებებინა და ყასაბს მიბარებოდა პროფესიის დასაუფლებლად. როგორც ჩანს, საქმე კარგად გამოუვიდა. თუმცა, იმისთვის, რომ მსოფლიოს გაეცნო, მეტი დრო დასჭირდა...

ცნობილი კი 2017 წლის 7 იანვარს „ოტომანების სტეიკის“ სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს წყალობით გახდა, რომელმაც "ინსტაგრამზე" მცირე დროში 10 მილიონი ნახვა დააგროვა. მაყურებელმა მას ზედმეტსახელი Salt Bae-ც მალევე შეურჩია, რაც მზარეულის მიერ მარილის მოყრის ყველაზე უცნაურ ჟესტს ასახავს - ხელიდან იდაყვზე, იდაყვიდან კი ხორცზე. ხორცის შეკაზმვის ეს ტექნიკა ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა, მზარეულს კი საყოველთაო პოპულარობა მოუტანა - "ინსტაგრამის" გვერდზე მის ვიდეოებს 21 მილიონი მნახველი ჰყავს.

სანამ რესტორნების საკუთარ ქსელს გახსნიდა, 2007-დან 2010 წლამდე ნუსრეთ გოქჩემ ბევრ ქვეყანაში ჩასვლა და სხვადასხვა რესტორანში მუშაობა მოასწრო. ანაზღაურებას არ იღებდა, სანაცვლოდ მზარეულისა და რესტორნის მფლობელის საქმეს ითვისებდა და ითავისებდა. თავისი პირველი რესტორანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2010 წელს სტამბოლში გახსნა, მოგვიანებით მისი ფილიალი დუბაიშიც გაჩნდა, სწორედ აქ ჩავიდა ბარსელონას ფორვარდი ლეონელ მესი, მსოფლიოში ცნობილი სტეიკის დასაგემოვნებლად.

კიდევ ერთმა თურქმა მზარეულმა ბურაქ ოზდემირმა კი სახელი ტრადიციული თურქული კერძების მომზადებით გაითქვა. ალბათ, იფიქრებთ, რა არის ასეთი განსაკუთრებული ტრადიციული კერძების მომზადებაშიო?! საქართველოში ხომ ოჯახიდან ერთი წევრი მაინც არის ამაში დახელოვნებული, თუმცა გეტყვით, რომ 1 მეტრი დიამეტრის ხინკალი საქართველოში რომ ვინმეს შეექმნა, ალბათ, ისიც მასსავით ცნობილი გახდებოდა.

ბურაქმა ხინკალი არა, თუმცა 1 მეტრი სიგრძის ქაბაბი ნამდვილად გააკეთა. მისი "ინსტაგრამის" გვერდის 7 მილიონი გამომწერი კი, მზარეულს ყველაზე დიდი ულუფების შემოქმედად იცნობს.

ბურაქ ოზდემირის Youtube-ს გვერდზე ნებისმიერი ვიდეოს ნახვისას იფიქრებთ, რომ იმ ოდენობის საკვებით, რასაც მზარეული ერთ მომზადებაზე აკეთებს, მთელი ტომის გამოკვება შეიძლება. პირადად მე ვიფიქრე, რომ ჩვენი წინაპრები, ალბათ, სწორედ ასეთი ულუფებით ამზადებდნენ საჭმელს სამეფო კარზე... სამეფო კარის ხსენებისას კი ისიც უნდა ითქვას, რომ ბურაქ ოზდემირი თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საყვარელი მზარეულიცაა.

თუ ასეთი საჭმელი თქვენს გემოვნებას არ შეესაბამება, თურქეთში ჩასვლისას ის მაინც გეცოდინებათ, "მსუყე" სელფი სად შეგიძლიათ გადაიღოთ...

"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ" - ელისაბედ მეორე

Facebook Messenger რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს - მილიონობით ადამიანი შეტყობინებების გაგზავნას ვერ ახერხებს