ავტორი:

შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

საქართველოში პენსიაში გასვლა, არაერთ უსიამოვნო ფაქტორთან ასოცირდება - დაბალი შემოსავალი, შრომისუნარიანობის დაკარგვა, სახლში ჯდომა... თუმცა, ბევრმა არც იცის, რომ პენსიაში გასვლას გარკვეული უპირატესობებიც აქვს.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პენსიონერებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. ისინი სარგებლობენ სპეციალური შეღავათებითა და ფასდაკლებებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველოში მართალია პენსია არ არის საკმარისი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, თუმცა, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ეს ადამიანები ბევრი პრივილეგიით სარგებლობენ. ამაზე შესაძლოა, ამ დრომდე არც გიფიქრიათ. ასე რომ, გთავაზობთ იმ შეღავათებს, რომლებითაც საქართველოში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები სარგებლობენ:

1. შეღავათები მგზავრობაზე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასდაკლება პენსიონერებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეღავათია, რითიც პენსიაში გასული ადამიანები სარგებლობენ. საქართველოში პენსიონერებს ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსში. აღნიშნულ ტრანსპორტში ისინი, სპეციალური ბარათის მეშვეობით, 50 თეთრის ნაცვლად 20 თეთრად ყიდულობენ ბილეთს. მსგავსი შეღავათია ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზეც - პენსიონერები აქ 30 თეთრის ნაცვლად 15 თეთრს იხდიან.

2. საყოველთაო ჯანდაცვა - საქართველოში პენსიონერები სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში არიან ჩართულები, რაც იმას ნიშნავს რომ მათ ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სასწრაფოს გამოძახება, გადაუდებელი დახმარება და ოპერაციები უფასოდ ეკუთვნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პენსიონერების სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს გეგმური ოპერაციების დაფინანსებასაც 90%-ით, შედეგად პენსიონერს მხოლოდ 10%-ის გადახდა უწევს.

3. მედიკამენტები - ასაკის მატებასთან ერთად, დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემებიც მატულობს. ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა პენსიონერებისთვის, ძვირი მედიკამენტებია. მათ ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის პრეპარატები. 2018 წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკური დაავადებების სამკურნალო 30-ზე მეტ მედიკამენტზე პენსიონერებისთვის 50% და მეტი ოდენობის ფასდაკლება ამოქმედდა, მათ შორის არის გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებიც.

4. ფასდაკლება სუპერმარკეტებში – პენსიონერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე კვება, რამდენადაც ამ ასაკში იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ჯანსაღი კვებაა. 2018 წლის სექტემბრიდან პენსიონერები „ნიკორა სუპერმარკეტი“ ნებისმიერ მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ყოველ ხუთშაბათს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამისათვის საჭიროა, „ლიბერთის“ სოციალური ბარათით გადახდა ლიბერთის გადახდის ტერმინალით.

5. მუზეუმები - მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ მუზეუმსა და კულტურულ ცენტრში პენსიონერები განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობენ. ამ მხრივ მათ საქართველოს მუზეუმთა ნაწილიც უერთდება. პენსიონერებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმებში ბილეთის ფასებზე შეღავათები აქვთ, კერძოდ, საპენსიო ასაკის მქონე პირები მხოლოდ 50 თეთრს იხდიან, მაშინ როდესაც ცალკეულ მუზეუმებში ბილეთის ფასი 7 ლარს აღწევს. მუზეუმების გარდა, პენსიონერები ფასდაკლებით სარგებლობენ მაგალითად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და 8 ლარის ნაცვლად იხდიან 2 ლარს. ამგვარად, ვიდრე პენსიონერები სადმე მსგავს ადგილას ბილეთს იყიდით, იკითხეთ მოქმედებს თუ არა რაიმე ფასდაკლება.