ავტორი:

"შარშან დაიწყო თავგადასავლები, პერიოდულად მეჩვენებოდა, რომ ვბოდავდი" - როგორ გახდა პიარის ცნობილი სპეციალისტი დურგალი

"შარშან დაიწყო თავგადასავლები, პერიოდულად მეჩვენებოდა, რომ ვბოდავდი" - როგორ გახდა პიარის ცნობილი სპეციალისტი დურგალი

ერთი წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ საკუთარი ნამუშვრების პერსონალურ გამოფენაზე ადამიანებს მიიწვევდა, მაგრამ მონდომებამ და საქმის მიმართ ინტერესმა, ეს შეაძლებინა. მოკლედ, მთავარია, საქმის კეთება გინდოდეს და მერე უკვე ყველაფერი გამოგივა. ირაკლი გაფრინდაშვილი პროფესიით PR მენეჯერია, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი და როგორც საერთოდ, მრავალმხრივი ადამიანი გაირკვა, რომ ხეზეც მუშაობს. საკუთარ თავს დურგალს უწოდებს. მოკლედ, დურგლის გამოფენა "მოძრაობის თეატრში" გაიმართა, სადაც უამრავი ადამიანი მოვიდა.

"დურგლობის პირველი წელი საკმაოდ რთული და საინტერესო იყო... უბრალოდ, შარშან, 11 აპრილს, ავდექი და დურგლის გამოსახულება დავაწებე. ამის შემდეგ დაიწყო - თავგადასავლები, ძიება, ორ დღეში ერთხელ რომელიმე თითის გადახვევა. პერიოდულად მეჩვენებოდა, რომ ვბოდავდი. მერე პირველი შეკვეთა - "შატო მერეში" და ჩიტების სახლები" - ასე დაიწყო ირაკლიმ სოციალურ ქსელში გამოფენის შემდეგ მეგობრებისთვის შთაბეჭდილების გაზიარება.

გემები, თვითმფრინავები, პატარა სახლები, ხეები, ზღვა და ბევრი საინტერესო რამ იქცევდა გამოფენაზე ჩემს ყურადღებას. "ძალიან შევეცადე, - ბოლო ორი თვე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი", - გვეუბნება ახლა უკვე ოსტატი გაფრინდაშვილი.

ხოლო თუ რა არის მუშაობისას მისთვის მთავარი და რას ითვალისწინებს ყოველი კომპოზიციის შექმნისას, გვპასუხობს, რომ მთავარია, რაღაც ამბავი შეიკრას და მხოლოდ საყვარელი სახლები არ მიეწყოს გვერდი-გვერდ.

თითოეულის შექმნისას ინსპირაცია ხშირად თავად ის მასალაა, რაზეც შენებას იწყებს და რა ფორმასაც იპოვის, იმას მიყვება - ცდილობს, ზედმეტად არ ჩაერიოს... თუ რატომ ჭარბობდა გამოფენაზე გემი თუ კატარღა, განამტავს:

"გემი და ზღვა ამ საქმისთვის ძალიან მიხმობს, ზღვიდან გამორიყული მასალით მუშაობა კი სხვა განზომილებაა. ალბათ მალე ამასაც ვცდი... ხშირად არ გვაქვს დროის ფუფუნება ჰობისთვის, რომელმაც შეიძლება, შენი ცხოვრება საერთოდ შეცვალოს. ეს დრო უნდა გამოვნახოთ, რომ იქნებ ოდესმე მხოლოდ ის ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს. ახლა ცოტა ხანს დავისვენებ, ხელებს და თვალებს დავასვენებ და მერე ვნახოთ, დრო რასაც მოიტანს, რა კუნძსაც ვიპოვი, იმას გამოვთლი, მთავარია, რომ ძიება ახლა კიდევ უფრო მეტად იწყება".

საკუთარი ნამუშვრებისთის ხის მასალას ყველაგნ ეძებს - ხის სამხერხაოებში გადაყრილ ნარჩენებში ეძებს ძველი ხის ნაჭრებს, ნაფოტებს, რომლებსაც ერთმანეთს აწებებს. გარდა ამისა, იყენებს რკინას, ლურსმანს, ჟანგიანი ლურსმანი განსაკუთრებულად უყვარს. მისთვის გამხმარი მცენარეებიც მნიშვნელოვანია.

"ტყეში ზოგჯერ ბუნებრივად გდია რაღაც ხის ნაჭერი, რომელიც რაღაცას ჰგავს. შეიძლება ფესვი იყოს, მოტეხილი ტოტი, ნაფოტი. დურგლობა ჩემთვის ზღაპრული რამ არის, თბილი და სასიამოვნო. მუშაობისას კარგი შეგრძნებები მოდის, ჩემთვის ვსაქმიანობ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ. საოცარი შეგრძნებაა, როცა არაფრისგან რაღაცას შექმნი. ეს საქმე დღეს ძალიან მექაჩება - ხესთან კომუნიკაცია საოცარი რამ არის. უზარმაზარ ენერგიას ვიღებ და გაჩერებას არ ვაპირებ" - ამბობს ირაკლი.

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს