რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ, - ასე მიმართაპანკისელებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია უხუცესებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის სხვა მცხოვრებლებთან მივიდა და მათ გაესაუბრა.
შს მინისტრმა მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა.
"რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ამის მერე უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ. დღეს ახლა ვჩერდებით. თუ ვინმემ დაარღვია კანონი ეს ცალკე სალაპარაკოა", - განაცხადა გახარიამ.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს დილიდან მდგომარეობა რამდენკერმე დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა პოლიციელბს ქვები დაუშინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.