პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დღეს განვითარებულ მოვლენებს პანკისის ხეობის უხუცესი ზაურ გუმაშივილი გარკვეული ჯგუფების მიერ მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ პროცესები ორგანიზებულია.
როგორც ზაურ გუმაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნებისმიერ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი და იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. უხუცესის განმარტებით, საზოგადოებისთვის განმარტებები უნდა გაკეთდეს.
"მოლაპარაკებები ყველაფერში აუცილებელია, ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს მოლაპარაკება არის გადამყწვეტი მნიშვნელობის. საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ ყველაფერი. ყველა ერთნაირად არ აზროვნებს, არც შეიძლება ეს ასე იყოს. იქ რამდენადაც ვიცი არის კატეგორია, რომლებსაც სხვები მართავენ. ვერ გეტყვით ვინ მართავენ, მაგრამ ისეთი კატეგორია არის იქ მისული, რომ მაგათ რამე პრობლემაზე რომ ესაუბრო ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ვიღაცეები მართავენ, სათავეში უდგანან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია.
მე ველოდები, რომ სიმშვიდე იქნება და ყველაფერი კარგად დასრულდება. იქ რომ უკონტროლო სიტუაცია იყოს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", - აცხადებს ზაურ გუმაშვილი.
მისი თქმით, უხუცესთა კავშირის პოზიცია სახელმწიფო ინტერესებთან არის დაკავშირებული და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არასდროს ყოფილა მათ გეგმაში, სწორედ ამიტომ უხუცესები ამ პროცესებში პასიურ პოზიციას იკავებენ.
"ჩვენ უხუცესთა კავშირის პოზიცია დაკავშირებულია სახელმწიფო ინტერესებთან. ამასთან დაკავშირებით უამრავი შეხვედრა გვქონდა, სადაც სახელმწიფომ თავისი ინტერესები გამოხატა. ჩვენ ადამიანების ის კატეგორია ვართ, რომელთაც გვესმის სახელმწიფო ინტერესების და გვჯერა ამ ინტერესების. სახელმწიფო ინტერესების საწინააღდმეგოდ წასვლა ჩვენს გეგმაში არასდროს ყოფილა და არც ამჯერად გვაქვს გეგმაში. ამიტომაც, პასიურ პოზიციას ვიკავებთ ამ სიტუაციაში",-განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.
ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, ადგილობრივებმა ხმაურიანი პროტესტი შეწყვიტეს.თუმცა ისინი რჩებიან ადგილზე და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.