16 აპრილს მოსკოვში ბომონდური წვეულება გაიმართა, რომელსაც რუსული შოუბიზნესის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ჟურნალ HELLO!-ს რუსულმა ვერსიამ გამართა ტრადიციული ყოველწლიური დაჯილდოვება - "ყველაზე მოდურები რუსეთში" და სტუმრებს რესტორან "Депо. Москва"-ში უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, მათ შორის: "გამორჩეული გემოვნება", "ყველაზე მოდური წყვილი" და ა.შ.
ღონისძიების მთავარი მასპინძელი სვეტლანა ბონდარჩუკი იყო, რომელიც უკვე 15 წელია HELLO!-ს რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორია. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ რუსული ბომონდის ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, დიზაინერი ვლადიმერ იუდაშკინი, მუსიკალური პროდიუსერი იანა რუდკოვსკაია, მომღერლები - პოლინა გაგარინა, ფილიპ კირკოროვი, ვალერი მელაძე ქალიშვილ ინგასთან ერთად და სხვები.
ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ქართული ესტრადის დედოფალი ნანი ბრეგვაძე გახლდათ, რომელმაც გამორჩეული ნომინაციაც დაიმსახურა - "სტილის ხატი" (Икона стиля). ბრეგვაძეს ჯილდო რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა გადასცა, რომელმაც ამ სიტყვებით წარადგინა მომღერალი:
"მე ყველაზე იღბლიანი რეჟისორი ვარ. ჩემს სამუშაოს უდიდესი სიხარული მოაქვს, თუ ყველასთვის არა, ჩემთვის მაინც. მე მისი მადლიერი ვარ, რომ მყავს ისეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, როგორიც სვეტლანა ბონდარჩუკია. არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე, ჩემი მშობლების ხმასთან ერთად, ყველაზე ახლობელი ხმა, რომელსაც ვისმენდი, ეს განუმეორებელი ხმა იყო - ნანი ბრეგვაძის ხმა" - აღნიშნა გიგინეიშვილმა.
ნანი ბრეგვაძეს რუსული ბომონდი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. მომღერალმა მადლობა გადაუხადა რუსულ HELLO!-ს და შეკრებილ სტუმრებს:
"მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელსაც მე მუდამ ვგრძნობ! მადლობა ჟურნალს და ჩემს საყვარელ, არაჩვეულებრივ სვეტლანას" - აღნიშნა ბრეგვაძემ.
ღონისძიების მთავარ ნომინაციაში - "რუსეთის ყველაზე მოდურის" გამარჯვებული თავად სვეტლანა ბონდარჩუკმა გამოაცხადა. 2019 წლის ყველაზე მოდურის ტიტული სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ დაიმსახურა, რომელიც მოსკოვში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო, თუმცა პარიზიდან ვიდეოჩართვით მიმართა შეკრებილებს.
ფოტოები: spletnik.ru; HELLO! Russia