ავტორი:

"ექიმებმა ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება აგვიკრძალეს, ოჯახში ცხოვრების სტილი შევცვალეთ" - ისტორია ქალზე, რომელსაც შვილმა ახალი პროფესია აპოვნინა

"ექიმებმა ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება აგვიკრძალეს, ოჯახში ცხოვრების სტილი შევცვალეთ" - ისტორია ქალზე, რომელსაც შვილმა ახალი პროფესია აპოვნინა

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 30 წლის ხატია რაზმაძეს ბოლნისიდან:

"4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე მარცხენა თვალზე თეთრი წერტილები და მივხვდი, რომ ექიმების პროგნოზის საპირისპიროდ მდგომარეობა უარესდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ექიმსა და პაციენტის მშობლებთან კომუნიკაცია, რაც ზოგადად მშობლის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომ მან თავის მხრივ შვილიც გააძლიეროს. მუდმივად ვსვამდი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებდი. მე, როგორც მშობელს მაინტერესებდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, რისი მოლოდინი. ახლა ვთვლი, რომ ეს პერიოდი უბრალოდ დრო დავკარგეთ. შესაძლოა ნიკოლოზის სრული გამოჯანმრთელება ვერ მომხდარიყო, მაგრამ ეს შედეგიც არ დადგებოდა: თურქეთში ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ნიკოლოზს 4 წლის ასაკში ენუკლეაციის (თვალის ამოღება. ავტ. შენიშვნა) ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში მკურნალობის შედეგად მარჯვენა თვალი გადავურჩინეთ. ნიკოლოზი ახლა 8 წლისაა და მცირედმხედველის სტატუსის მქონეა, მარჯვენა თვალში -12 მხედველობა აქვს და მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსში შეუძლია საგნების აღქმა.

მცირე ასაკიდან იმდენი ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, შეეჩვია უკვე თავის მდგომარეობას. ახლა 8 წლისაა და ძალიან ბევრი სიფრთხილე მართებს. მაგალითად აკრძალული აქვს სპორტის სახეობები, არადა თვითონ ისე უნდა! გარშემომყოფი ბავშვები გაფრთხილებული მყავს, რომ ბურთით თამაშისას ნიკოლოზს განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ. ერთხელ გააპროტესტა, წრეში ბურთის თამაშის დროს მე რატომ არ მესვრიან ძლიერად ბურთსო. ექიმებმა აგვიკრძალეს ასევე ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება. არადა 21-ე საუკუნეში რთულია ბავშვს ეს ყველაფერი დაუშალო. ჩვენ ოჯახში ცხოვრების სტილიც შევცვალეთ - ნაკლებად ვუყურებთ ტელევიზორს.

ხშირად ხდება, რომ ოჯახში სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, ქმრები ან ტოვებენ ოჯახს ან ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობაა. ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. ჩემი ქმარი, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო ნიკოლოზის მოვლაში და ერთი წუთითაც არ მოგვცილებია გვერდიდან ოპერაციების და მკურნალობის ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ბავშვის მოვლაშიც გიორგის ყველაზე მეტად ვენდობი. თუ მიწევს ტრენინგზე წასვლა სხვა რეგიონში, ბავშვებს გიორგის ვუტოვებ. ნიკოლოზი მედიკამენტოზურ მკურნალობას მუდმივად საჭიროებს, ასევე მისი თვალის პროთეზი პერიოდულად დასამუშავებელია. ეს პროცედურები მხოლოდ ჩემი ქმრის პასუხისმგებლობაა.

მე პროფესიით ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და ბოლნისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი. როცა ნიკოლოზი სასკოლო ასაკის გახდა, ძალიან მინდონდა ინკლუზიურ სკოლაში ესწავლა. ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლა, სადაც უსინათლოებისა და მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემოა, თბილისშია. ნიკოლოზი ისე იყო ჩვენზე მოკედლებული, რომ ბავშვის და ჩვენი ფსიქოლოგიური მდომარებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა მისი სკოლა-ინტერნატში გაშვება. არადა გარშემო ყველა მირჩევდა, სპეციალიზირებული სკოლით მესარგებლა. თუმცა მაინც გამოვიყენე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა და ბოლნისში იმ სკოლაში მოვიყვანე, სადაც მე ვასწავლი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე მიზეზი ქონდა: რადგან ნიკოლოზმა მომავალი ამ ქალაქში უნდა გაატაროს, თბილიდან დაბრუნებულს ძალიან გაუჭირდება თავის ტოლებში ადაპტირება, უცხოდ იგრძნობს თავს და იზოლაციაში ცხოვრებისთვის იქნება განწირული. ამ სკოლაში კი თავის თანაქალაქელებთან იზრდება, ყველა იცნობს, მეგობრობენ და მისი, როგორც „განსხვავებულის“ ან „უცხოს“ აღქმის რისკები თითქმის არ არსებობს. თუმცა უდიდეს სირთულეს წავაწყდი. სკოლა, რომელიც ღიაა ინკლუზიური განათლებისთვის სრულიად გამოუცდელი დახვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. პედაგოგებს კი ქონდათ გავლილი ინკლუზიური განათლების საფუძვლები, მაგრამ არ არსებობდა სეპც.მასწავლებელი, რომელიც ბავშვის საჭიროებებს მოარგებდა სასწავლო პროცესს. რაიონის მასშტაბით არ არსებობდა ასეთი სპეციალისტი. სხვათა შორის ამის გამო ჩვენს რეგიონში რამდენიმე უსინათლო მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებას. აქ ვხედავ ზუსტად ჩვენი განათლების სისტემის შეცდომას: ჯერ ინკლუზიის შესახებ მიიღეს კანონი და მერე დაიწყეს სპეც.პედაგოგების მოძიება. ეს კი ძალიან აფერხებს სკოლას, მშობელს და ცხადია მოსწავლის განვითარებასაც.

ამიტომ გადავწყვიტე მე თავად გავმხდარიყავი სპეც. მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და ტრენინგი გამევლო. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასერთიფიკატო კურსში და გავხდი მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი. ეს სპეციალობა მოიაზრებს უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების დასწავლას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საყოფაცხოვრებო პირობებში დამოუკიდებლად იცხოვრონ და თავი იხსნან იზოლირებულობისგან. მაგალითად გასწავლის, როგორ მოიხმარო თეთრი ხელჯოხი, სივრცის აღქმას, ბარიერების იდენტიფიცირებას. მახსოვს, როცა ეს ცოდნა პირველად ნიკოლოზთან გამოვიყენე, რა უცებ მივიღე შედეგი. ნიკოლოზი ისე ფრთხილად დადიოდა, გარშემო ყველგან ბარიერი ეგონა. გვერდით თუ ვინმე ჩაუვლიდა, შფოთვები ეწყებოდა. ჯერ სკოლის დერეფნები შევასწავლე: ერთ გაკვეთილზე ერთი კედლის სივრცითი აღქმა, მეორეზე- მეორე კედლის. ბოლოს დავალება მივეცი, ამ დერეფანში დამოუკიდებლად გაერა. (მანამდე ხელჩაკიდებული დამყავდა სულ). ადგა და გაიქცა და გამოიქცა და ბედნიერმა მითხრა, რამდენი ხანია ასე მინდოდა ამ დერეფანში მერბინაო.

სივრცეში ორიენტაციის სწავლების პარალელურად სასწავლო მეთოდოლოგიაც ვისწავლე. ფაქტობრივად სიბნელეში ხელის ცეცებით და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვებით ვსწავლობდი, როგორ გამემარტივებინა ჩემი შვილისთვის სასწავლო პროცესი. ნიკოლოზი ჩვეულებრივ ბადიან ან ცალხაზიან რვეულს როგორც სუფთა ფურცელს, ისე აღიქვამდა. ამიტომ მე ხელით, კონტრასტული მარკერით ვუხაზავდი, რომ მწკრივში წერა შეძლებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ არსებობს გამადიდებელი წამკითხველი ხელსაწყო, რომელმაც კითხვის პროცესი ძალიან გაამარტივა. ისეთი არამეგობრული შრიფტითაა დაწერილი სასკოლო წიგნები, ბავშვს კი არა, უფროსსაც გაუჭირდება ხანდახან აღქმა.

პრაქტიკულად სულ ნიკოლოზის გვერდით მიწევს ყოფნა. მასთან უშუალო მუშაობის გარდა, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებითაც ვარ დაკავებული. ნიკოლოზის ყველა მასწავლებელს ახლა სპეც-პედაგოგის საბაზისო უნარები აქვთ. მაგრამ ამას ჩვენს თემში ჩვენ თვითონ ვახერხებთ. სახელმწოფოს თანადგომას კი ვერ ვრძნობთ. მე პირადად ჩემი ბევრი პირადი ინტერესი და ავტონომიურობა დავთმე ნიკოლოზის სასარგებლოდ. არადა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვის და ნიკოლოზის განვითარებისთვისაც ძლიერი და მცოდნე ინსტიტუციების მხარდაჭერა.

დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის კურსის გავლით და მინოლოზთან მუშაობით, გამოვიყენო ამ საჭიროების მქონე დასახმარებლად ჩვენს რაიონში. ამჯერად 15-მდე ასეთი საჭიროების ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. იდეა მაქვს ბოლნისში შევქმნა ცენტრი, სადაც უსინათლოები მიიღებენ ჩემი დახმარებით ამ მომსახურებას ადგილზე, რაც მათ დაეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში".

ავტორი: მაიკო ჩიტაია ფოტო: ნინა ბაიდაური

©პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიების დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ" - კელი დეგნანის სამძიმარი შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახებს

"გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც, გამანადგურა ამ ტრაგედიამ" - რას წერს treveler.ge-ს ხელმძღვანელი "ფეისბუქზე"

ვინ იყო და სად მკურნალობდა კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი