ავტორი:

"თუ უნდა გაგეშვით, რატომ ჩამომიყვანეთ რუსეთიდან?" - რას წერს "ახალი თაობა" სამთავრობო ცვლილებებზე

"თუ უნდა გაგეშვით, რატომ ჩამომიყვანეთ რუსეთიდან?" - რას წერს "ახალი თაობა" სამთავრობო ცვლილებებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

მმართველ კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ქართული მედია უკვე დიდი ხანია წერს, თუმცა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს პარლამენტშიც და მთავრობაშიც ჭორს უწოდებდნენ.

როგორც გაზეთი "ახალი თაობა", საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ქობულიას გადაყენება პირადად ივანიშვილმა მოითხოვა. გაზეთის ინფორმაციით, "ოცნების" ლიდერმა გადადგომის მოთხოვნა აწ უკვე ექსმინისტრს პრემიერის პირით შეუთვალა.

"მთავარი მეოცნების დანაბარებმა ქობულია ძალიან გააბრაზა. მან პრემიერ ბახტაძეს უთხრა, რომ თავად არ დაწერდა განცხადებას.

- თუ მაგარი ბიჭი ხარ, შენ მომხსენი, - ასე მიმართა ჯერ კიდევ მინისტრმა მთავრობის მეთაურს.

ბახტაძემ ქობულიასგან საყვედურიც მიიღო.

- თუ უნდა გაგეშვით, რატომ ჩამომიყვანეთ რუსეთიდან? იქ კარგი სამსახური მქონდა, თქვენი ბავშვი ხომ არ ვარ? - ასე საყვედურობდა თურმე გაჯიუტებული ქობულია ბახტაძეს.

ეს სიჯიუტე რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლოს ქობულიამ ფარ-ხმალი დაყარა, კალამი აიღო და უსტარის წერას შეუდგა.

გადადგომის შესახებ განცხადებას პრემიერმა ბახტაძემ დიდი სიხარულით მოაწერა ხელი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ უნდოდათ "ოცნების" ლიდერებს, რომ ქობულია საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყო.

ეს ალბათ ახლო მომავალში გაირკვევა. ამ მთავრობაში დამალული არაფერი რჩება. მეოცნებეები ამბების გამოტანაში ერთმანეთს ასწრებენ", - წერს "ახალი თაობა".

ეკონომიკის ახალ მინისტრს ოფიციალურად დღეს წარადგენენ. "ახალი თაობის" ინფორმაციით, ხმები ნათია თურნავას გამინისტრების თაობაზე უკვე დიდი ხანია დადის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურნავას გამინისტრებას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებდნენ.

"ოპოზიცია ქობულიას გამოჩენის დღიდან გმობს და მისი გადადგომაც არაერთხელ მოუთხოვია, მაგრამ, როგორც კი ეს კაცი გადადგა, ერთი ამბავი ატეხა, ნამდვილი მიზეზი დაასახელეთო.

ოპოზიციის პროტესტს ხელისუფლებიდან ახლახან წასული ლევან გოგიჩაიშვილიც შეუერთდა.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს ქობულიას წასვლის შესახებ და საკითხით პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტიც უნდა დაინტერესდეს:

- მე ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება გაეშვა მისი გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერ-მინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა - საკუთარი უფლებამოსილებებით.

ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება, - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც ამბობენ, მთავრობაში კიდევ რამდენიმე მინისტრის შეცვლა იგეგმება.

მართალია, უცნაური განცხადებების ავტორის გადადგომა ივანიშვილის კაპრიზს უკავშირდება, მაგრამ, არ არის გამორიცხული, აქ სხვა რამეშიც იყოს საქმე", - წერს "ახალი თაობა".

"ოცნებასთან" დაახლოებული წყარო "ახალ თაობას" უყვება, რომ ქობულიას წასვლა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გიორგი გახარიას ამერიკაში ვიზიტთან. შს მინისტრი, რომელიც მომავალში პრემიერად მოიაზრება, აშშ-ში თითქმის ერთი კვირა იმყოფებოდა.

გაზეთის წყარო ვარაუდობს, რომ გახარიას ხელით ამერიკელებმა ივანიშვილს მოსახსნელი ხალხის სია ჩამოუტანეს.

"ამერიკა საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აპირებს და რუსეთში გამდიდრებული ეკონომიკის მინისტრი, შესაძლოა, ხიფათის შემცველი აღმოჩენილიყო", - წერს გაზეთი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები