მარტიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა პროდუქტები "ქართული რძის“ ნიშნით. ნიშანი ეხმარება მომხმარებელს, დარწმუნდეს, რომ მის მიერ შერჩეული პროდუქტი ნამდვილად ნედლი რძითაა დამზადებული, არ შეიცავს მცენარეულ ცხიმსა და რძის ფხვნილს.
„კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგად გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი იყოს "ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ნედლი რძისგან დამზადებული“, თუმცა მხოლოდ სახელითა და შეფუთვით უჭირთ სასურველი პროდუქტების გამორჩევა. "ქართული რძის“ ნიშნის დახმარებით კი ყველაფერი გაცილებით მარტივია. მოხმარებელს უკვე შეუძლია გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
„ქართული რძის“ ნიშნის გამოყენების უფლება აქვს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ და HACCP სერტიფიცირებულ რძის ნებისმიერ საწარმოს, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის იყენებს ნედლ რძეს, ახდენს მის პასტერიზაციას და უვნებელ საწარმოო პირობებში ამზადებს ყველსა და რძის სხვა პროდუქტებს. თუკი საწარმო დოკუმენტურად და ვიზუალური შემოწმებით ვერ დაადასტურებს, რომ წარმოებაში ნედლ რძეს იყენებს, „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი“ არ მისცემს ნიშნის გამოყენების ნებართვას.
დამოუკიდებელი ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს რძის საწარმოების აუდიტს, ხოლო მონაცემები ახლდება ვებგვერდზე - www.georgianmilk.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს მის მიერ შერჩეული პროდუქტი და მიიღოს სრული ინფორმაცია საწარმოსა და პროდუქტების შესახებ.
„ქართული რძის“ ნიშანს უკვე იყენებს ყველის მწარმოებელი შვიდი საწარმო: „წინწყარო+“, „მილკენი“, „ყველის ქოხი“, „ცივის ყველი“, „ი.მ. ცოლაკ გრიგორიან”",ი.მ. კარენ სიმონიან“ და "რ.კ. ხიზა“.
პროდუქტები „ქართული რძის“ ნიშნით უკვე შეგიძლიათ იხილოთ სუპერმარკეტებში: „ზღაპარი“, „სპარი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“.
განცხადება ნიშნის გამოყენებაზე უკვე ოცდაორმა მეწარმემ დაარეგისტრირა. დარეგისტრირებულ საწარმოთაგან ორს პირობების გასაუმჯობესებლად ერთთვიანი ვადა აქვს მიცემული, ცამეტმა კი შემოწმებისთვის უკეთ მოსამზადებლად თავად მოითხოვა დრო.
„ქართული რძის“ ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი. „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის“ ნებართვის გარეშე ნიშნის გამოყენების უფლება იკრძალება კანონით.
ნიშანი მხარდაჭერილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
(R)