ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 23 შვილობილ კომპანიას აერთიანებს - ქართული წარმატების ეს ისტორია თამამად შეიძლება შევიდეს ბიზნესსახელმძღვანელოებში. „პალიტრა“ 24 წლის გახდა!
ზუსტად 24 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. ობიექტურობის, სანდოობის, აქტუალურობისა და მრავალფეროვნების პრინციპებიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრა“ იქცა ყველაზე მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. პირველმა წარმატებულმა ნაბიჯმა საქმიანობის გაფართოება განაპირობა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან სხვადასხვა სეგმენტში.
ჰოლდინგმა ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ამ დროისთვის „პალიტრის“ შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა.
შესაბამისად, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ჰოლდინგში 2 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.
„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ 24-წლიანი ისტორია არ არის მხოლოდ წმინდა ბიზნესისტორია - მასში ძალიან დიდია სოციალური შემადგენელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტები - „მაკულიტერატურა“ და სოციალური კამპანიები „იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა“, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „ნუ დააჩქარებ სიკვდილს“ და „არ ითამაშო, იცხოვრე“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე წლის წინ „პალიტრამ“ უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე. სოციალური კამპანიის მიზანი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტის, განსაკუთრებით არასრულწლოვნების დაცვაა ონლაინკაზინოებში თამაშისგან.
ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი იმ 24-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა “ ჰქვია.