ავტორი:

რატომ არის ნეგატივი "მოდაში" და რატომ ვართ მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო?

რატომ არის ნეგატივი "მოდაში" და რატომ ვართ მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო?

ბოლო დროს ასეა - საზოგადოების ნაწილი მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოა, უკმაყოფილებას გამოხატავს ყველგან - ქუჩაში, სამსახურში, სახლში, მეგობრების წრეში, მაღაზიაში, ტრანსპორტსა თუ სოციალურ ქსელში.

ისეთი ტენდენციაც დამკვიდრდა, რომ მუდმივად რაღაც არ უნდა მოგვწონდეს. დადებით და პოზიტიურ ამბავს, თითქოს უკვე მორიდებით ვეცნობით, ვავრცელებთ თუ ვაზიარებთ, რადგანაც ნეტაგიურის მიმართ ინტერესი მეტია, „მოდურიც“ კია...

საინტერესოა იმ ადამიანების აზრი, ვისაც პროფესიიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის თემების, საკითხების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა და მიწოდება უწევთ, როგორ ახერხებენ ამას - AMBEBI.GE-ს ამ თემაზე პიარის სპეციალისტი კახა მაღრაძე ესაუბრება.

- დღეს საზოგადადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფისგან, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანისგან იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია შექმნილი - ასე ერთნიშნად ალბათ არ უნდა ხდებოდეს. აქ საინტერესო იქნება გარკვეული კვლევების შედეგების გადახედვა, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად რეალურია ის, რაზეც ვსაუბრობთ. თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღქმა არის უარყოფითი, რასაც ხელს უწყობენ სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ორგანიზაციები, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები, რომ ქვეყანაში მდგომარეობა არის ცუდად...

ასეთი განწყობა კი უკვე ნეგატიური პროცესების დაწყების საფუძველია, ეს ხელს უწყობს საზოგადოების დემოტივაციას, დემოტივირებულ საზოგადოებაში განვითარებისკენ სწრაფვა და განვითარება სათანადო დონეზე აღარ ხდება.

- ამ ყველაფრის განმაპირობებელი რა არის?

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო წყაროების რაოდენობის სწრაფი ზრდაა, რაც ნეგატიური ინფორმაციის მოცულობის ზრდასაც იწვევს, რასაც, საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა. მათთვის, ნეგატიური ინფორმაცია უფრო „საინტერესოა“, ვიდრე - პოზიტიური.

ისმის კითხვა - პოზიტიური რაღაა? სპორტული მიღწევები, ჩვენი თანამემამულეების წარმატება საზღვრებს მიღმა, ქვეყანაშიც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამას ნეგატიური ხასიათის ინფორმაცია ფარავს.

უარყოფით ინფორმაციას რომ დავუბრუნდეთ, ამდენი ცუდი ამბავი მაშინ არ ვიცოდით, როცა სოციალური ქსელები არ გვქონდა, ანუ ამ განწყობას ეს სივრცეც ხელს უწყობს. ასე მაგალითად, ყოველ დილას შენი რომელიმე „ფრენდი“ ხელოსანზე, ტაქსისტზე, გამყიდველზე გაბრაზებულ პოსტს რომ დაწერს, სადღაც ქვეყნის განვითარებასთან, ან პოლიტიკოსთან დაკავშირებით ნეგატიური ინფორმაცია დაიდება, ამ ყველაფერს საზოგადოება უკვე საგანგაშოდ მიიჩნევს და მასობრივად იწყებენ სტატუსების წერას - კარგი აღარაფერი ხდება, რა საშინელი მდგომარეობა ქვეყანაში?!

სამწუხარო ისაა, რომ ამ ნეგატიურმა ფონმა, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება ჩვენს წინსვლას, საქმიანობის წარმართვას, წარმოებას, განვითარებას ხელი შეუშალოს, მეტი პრობლემები შეგვიქმნას.

- ე.ი. ნეგატიური ინფორმაციისადმი ჩვენი ინტერესი მძაფრია...

- კი, რასაც პოლიტიკური პროცესები - არჩევნები, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც ერთვის... ყველა - პოლიტიკოსები, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესის სფერო იმას ჩივის, რომ ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება. რომ საშინელი ეკონომიკური მდგომარეობაა, ნებისმიერი მედიისთვის საინტერესო რეპონდენტი მაშინვე იმაზე იწყებს საუბარს, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა და ა.შ. არავინ ლაპარაკობს იმაზე, ვთქვათ, როგორ შეიცვალა სოციალური მდგომარეობა თუნდაც სოციალური კუთხით და ა.შ.

უარესად ვცხოვრობთ, ვიდრე 5 წლის წინ? ხელფასები დაგვაკლდა, პურს ვეღარ ვყიდულობთ?! რეალურად ვიცით, რაშია საქმე? ამაზე საუბრობს ვინმე? ნაკლები ინფორმაციაც გვაქვს, ან არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში განვითარების კუთხით შეიძლება რაღაც ხდებოდეს, ამის არ გვჯერა.

- რატომ?

- ხომ ვამბობ, ძლიერი ნეგატიურ ფონია-მეთქი. „მოდაში“ აღარ არის კარგი ინფორმაციები და მათზე საუბარი, თითქოს აღარ გვაინტერესებს.

- რა შემოაბრუნებს სიტუაციას, ან დააბალანსებს?

- ხელოვნურად, ან ძალით ვერაფერს შეცვლი, სავარაუდოდ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფებში გარკვეული დროის შემდეგ, თვითგადარჩენის, თავდაცვის რეაქცია გაიღვიძებს და თვითონ დაიწყებენ მოტივაციის აღდგენას. დაიწყებენ პოზიტიური ინფორმაციის ძებნას.

სხვანაირად არ შეიძლება, რადგანაც ადამიანს რაღაც წამახალისებელი აუცილებლად სჭირდება. თუ ეს არ აქვს, მაშინ ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, გარეთ არ უნდა გამოვიდეს... მაგრამ ალბათ ასეთი დემოტივირებულებიც არ ვართ საბოლოოდ, უმეტესობა მუშაობს, ვიღაცები რაღაც ახალ საქმეებს, პროექტებს იწყებენ, ინიციატივებით გამოდიან, თუმცა ეს ნეგატიური ფონი განსაკუთრებით მედიასა და სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო მძაფრდება.

ფაქტია, რომ ცხოვრების წესის შეცვლამ გამოიწვია ამგვარი ინფორმაციის გაზრდა და ეს ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს მოტივაციაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეული კატეგორია ამ საყოველთაო შეწუხებით ხეირს ნახულობს.

- ვინ?

- გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები, მედიაც და საბოლოო ჯამში, ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი ალბათ რაღაც მდგომარეობით ძალიანაც კმაყოფილია, იმიტომ, რომ ფულს შოულობს... მოკლედ, უკმაყოფილოთა ნაწილი შეიძლება კმაყოფილიც იყოს, მაგრამ მაინც აგრძელებს უკმაყოფილო პოზაში ყოფნას.

- თქენი სფეროს ადამიანებს, ე.წ „პიარშიკებს“, რომლებიც ამა თუ იმ საკითხის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელებას ცდილობთ, არ გიჭირთ საქმიანობა?

- ჩვენთვის ეს მძიმე გამოწვევაა, რადგანაც პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებსთვის, დიდად საინტერესო არ არის, გავრცელების თვალსაზრისითაც პრობლემები ექმნება. მაგალითად, მარკეტინგული კომუნიკაციის წარმოების დროს, რაც რაიმეს (ბრენდი, პროდუქტი) გაყიდვაზეა ორიენტირებული, რთულია, ამ ყველაფრის გატანა. ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება...

მხოლოდ იმ განწყობის გამო, სიტყვაზე, „ბანკები ცუდები არიან, ყველას გვძარცვავენ“, - წინ ვერ მივდივართ. უნდობლობაა. ეს იმის მიუხედავად, ბანკში რაც უნდა დაბალი საპროცენტო განაკვეთი გქონდეს. მოკლედ, საინტერესო პროექტებზე, რომელიც მომხმარებელზეა მორგებული, რომ კარგი საპროცენტო განაკვეთები არსებობს, ამას სიხარულით არავინ იღებს. მომხმარებლის ინტერესის მოპოვების საკითხი ბიზნესისთვის, საჯარო უწყებებისთვის და ა.შ. სულ უფრო გადაულახავი ზღვარი ხდება.

ამიტომ, რადგანაც ცალსახად პოზიტიური კუთხით საკითხის წარმოჩენის მიმართ საზოგადოება მეტად რეზისტენტული ხდება, მიდგომებიც რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. გარკვეული საკითხები სხვანაირად უნდა დავინახოთ, რადგანაც მარკეტინგული კომუნიკაცია, საჯარო უწყებების კომუნიკაცია ამ ყველაფერთან აცდენილია. აქეთ რაღაც „დუღს“, ხალხი წუხს, ყველა ვიშვიშებს და ამ დროს რომელიღაც საჯარო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალ საქმეს იწყებს, ან ახალი პროდუქტი შემოაქვს, ამით კმაყოფილია, მგონი, რაღაც „თავისთვის არიან“, კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტუაცია ჩნდება.

რეალურად, ქვეყანაში კარგი რაღაცები მართლა ხდება, პროცესები ვითადება, რაც კარგია, მაგრამ ყველა მაინც უკმაყოფილოა, რადგან დღეს კმაყოფილების გამოხატვა „მოდაში“ არ არის. „კარგი, რა დროს ეგ არის, ქუჩაში ვერ ხედავ, რა ხდება?“ - დამოკიდებულება ასეთია და ამიტომაცაა სოციალურ ქსელში ნეგატიური პოსტი მეტად მომრავლებული.

- ასეთ დროს რა რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს?

- პასუხი რთულია. სიღრმისეული ფაქტორების კვლევაა საჭირო და ამის საფუძველზე კომუნიკაციის წარმოება. ნეგატიურს, პოზიტიურ ამბებს რომ ვუხვედრებთ, არ არის საკმარისი, რადგანაც ნეგატიური ინფორმაციის გამზიარებლები მეტნი არიან. ამას ემატება საინფორმაციო-პოლიტიკური ომები სოციალურ ქსელებში. ამაზე სხვადასხვა კვლევა არსებობს, რომ სხვადასხვა იუზერის გამოყენებით პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენით კი არა, ოპონენტის უარყოფითი მახასიათებლების სააშკარაოზე გამოტანით. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ნეგატიურ პროცესს. ასეთია კომუნიკაცია და დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის.

ასე რომ, მარკეტინგული კომუნიკაციის, ბიზნესის, საჯარო უწყების თუ სხვდასხვა სამოქალაქო ორგანიზაცია, ვინც გარკვეულ პროექტს ახორციელებს, ვიმეორებ, სიღრმისეულ საკითხებზე უნდა დაფიქრდეს თუნდაც იმაზე, რომ ყველაფერზე გაბრაზებულ საზოგადოების ნაწილს პოზიტიური ინფორმაცია რა კუთხით მიაწოდონ. ამაზე სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, თორემ ეს ვიშვიში ჩვენთვის ნამდვილად ხელის შემშლელია და მომავალშიც ასე იქნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ