ქართული ენის დღის აღსანიშნავად თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“. ღონისძიებაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიკონკურსის "მე ვწერ ქართულად" გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
ასევე, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიესა და ეზოში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) „დედაენის“ დღის აღსანიშნავად ოპერიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობს, რის შემდეგაც 13:00-19:00 საათზე მწერალთა სახლში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი “GAUზიარე 33 ემოცია“ გაიმართება.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერის“ მოწყობით დასრულდება, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.