დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ 2017 წელს საუდის არაბეთში ვიზიტისას მეფე სალმანმა მელანიას ხელზე რამდენჯერმე აკოცა და იძულებული გახდა, შეეჩერებინა.
Newsweek ჯეიკ შერმანისა და ანა პალმერის წიგნზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ ტრამპმა გასულ წელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მისი წინამორბედის - ბარაკ ობამასგან განსხვავებით მეფისთვის თავის დაკვრაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება მელანიას, ტრამპის თქმით, თანაშემწეებმა მის ცოლს განუმარტეს, რომ მეფე მას ხელს არ ჩამოართმევდა და ხელი არ უნდა გაეწოდებინა.
„ასე რომ - გადმოვდივარ თვითმფრინავიდან, ვართმევ ხელს - თავს არ ვუხრი და მელანია მას ხელს უწვდის. მეფე სალმანი იღებს მის ხელს და იწყებს კოცნას, ვეუბნები - საკმარისია, მეფეო, უკვე სამჯერ აკოცე!“ - ჰყვება დონალდ ტრამპი.
თუმცა კადრებში ჩანს, რომ მეფე სალმანმა მელანიას მხოლოდ ხელი ჩამოართვა.
უცნობია, ტრამპმა საუდელი მეფისა და მისი ცოლის შესახებ იხუმრა, თუ სერიოზულად მოჰყვა, თუმცა Newsweek წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი საზოგადოების გასართობად ხშირად აზვიადებს ხოლმე მოვლენებს.