ჯეკ შეფერდი უკვე დიდ ბრიტანეთშია, „დეილი მეილი“ წერს, რომ საქართველოში დაკავებული ძებნილი სასამართლოს წინაშე ინგლისში წარდგება.
ბრიტანული გამოცემა შეფერდის ფოტოებს აქვეყნებს, როგორ ტოვებს ის გლდანის მერვე საპყრობილეს.
ბორტზე ყოფნისას მან რეპორტიორებს განუცხადა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას შარლოტას გარდაცვალების გამო, მაგრამ მკვლელობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. შეფერდის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ტრაგედიის შემდეგ შარლოტას ოჯახის წევრებს შეხვედროდა და მომხდარის შესახებ მოეყოლა, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა.
„ვნანობ, რომ ოჯახს არ გავესაუბრე უფრო ადრე. მაშინვე ვერ მოვიფიქრე, ემოციისა და შიშის გამო შეცდომა დავუშვი,“ - განაცხადა შეფერდმა.
31 წლის ბრალდებული ლონდონში, სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.
ჯეკ შეფერდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მარტს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.