ავტორი:

გაიცანით ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან

გაიცანით ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან

2019 წლის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. გუნდი ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში.

გამარჯვებულმა ხუთეულმა - სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რიგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ წარადგინეს. გამოგონების დახმარებით მოხდა მედიკამენტის მოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებზე დაკვირვების ავტომატიზაცია, რაც აადვილებს მეცნიერების შრომას და ზოგავს მათ დროს. გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის კურატორობით შეიქმნა.

AMBEBI.GE ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს, წარმატებულ ახალბედა გამომგონებლებს შეხვდა. გვინდა ისინი ახლოს თქვენც გაგაცნოთ.

მარიამ გამრეკელაშვილი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის მეთერთმეტეკლასელია, განსაკუთრებულად მათემატიკა და ფიზიკა უყვარს. დაინტერესებულია STEM-ის განხრით, „ჩვენი სკოლა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ რობოტიკა და პროგრამირება. გვაქვს კლუბი, სადაც მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და საკმაოდ ხშირად იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში“, - ამბობს მარიამი. ის სამომავლოდ პროფესიის არჩევასაც ამ კუთხით აპირებს. ფიქრობს, რომ ინჟინერიას, ან ელექტროინჟინერიას აირჩევს, ტექნიკური მიმართულებით რომ გააგრელებს სწავლას, ეს ზუსტად იცის. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა.

სოფიო ჩიხლაძე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სწავლობს, მეათეკლასელია. მასაც STEM-ის სფერო იზიდავს. 9 წლის ასაკში პროგრამირებაზე დაიწყო სიარული და მას მერე ეს დარგი ძალიან აინტერესებს. “9 წლის ვიყავი, როდესაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ შევედი. იქ ხუთი წელი ვსწავლობდი ლოგიკას და პროგრამირებას C++ და Java-ს. უკვე მაშინ ძალიან მომწონდა ეს მიმართულება. შემდეგ, პარალელურად, დავინტერესდი რობოტიკით და 4 წელია რობოტექნიკის აკადემიის UG-Limes-ის მოსწავლე ვარ. ამასთან, ჩემი სკოლის რობოტიკის კლუბში ვმუშაობთ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე. ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტის მენტორთან, დავით სონღულაშვილთან 2 წელია დავდივარ. მთავარი, რაც მისგან ვისწავლე არის ის, თუ როგორ უნდა გაჩნდეს ინოვაციური იდეა და როგორ უნდა განავითარო და განახორციელო ის“. სოფო სამომავლოდ კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებს უცხო ენების სწავლა. იცის ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური და ცოტა თურქულიც და კიდევ სხვა ბევრი ენის შესწავლა უნდა. „ბავშვობიდან დავიწყე და ეტყობა, კარგად გამომდის. ყველაზე მეტად ფრანგული მომწონს, საინტერესო ფონეტიკა აქვს“, - გვეუბნება სოფიო.

გიორგი რიგიშვილი, მეთერთმეტეკლასელია, სწავლობს „აია-ჯესსში“. გარდა იმისა, რომ უყვარს ტექნიკური საგნები, STEM მიმართულებებითაა დაინტერესებული, ბავშვობიდან იზიდავს რობოტიკა - „ჩხირკედელა ვარ ბავშვობიდან, დაშლა-აწყობა, მექანიზმში ჩახედვა, ეს მიზიდავდა,“ - ამბობს გიორგი. მისი ჰობია - თევზაობა, იტაცებს სპორტი - ველოსიპედი, ცურვა, ფეხბურთის ყურება. არის „ბარსელონას“ ფანი.

ალექსანდრე ქაჯაია „აია-ჯესსის“ მეთერთმეტეკლასელია. თავისუფალ დროს იზიდავს სკეიტბორდით სეირნობა, მუსიკის მოსმენა, მუდმივად აინტერესებს და ეძებს ახალ მუსიკას, დადის ხატვაზე და უყვარს ძერწვა. როგორც ამბობს, სამომავლოდ, ალბათ არქიტექტურის განხრით ჩააბარებს. „თუმცა ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, ბოლოდროინდელმა მოვლენამ, ჩვენმა გამარჯვებამ მომავალ პროფესიაზეც დამაფიქრა, მაგრამ შეიძლება, არქიტექტურა რობოტექნიკას დავუკავშირო,“ - გვეუბნება ალექსანდრე.

იონა იობიძე ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში სწავლობს, მეცხრეკლასელია. თავისუფალ დროს ფენტეზის კითხვა და მუსიკის მოსმენა უყვარს. მისი სამომავლო პროფესია ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა, რომელია.

თუმცა ამჯერად იზიდავს პროგრამირება, რადგან მიაჩნია, რომ ამ სისტემის მთლიანი მიმართულება ის არის, რაც აუცილებლად შეცვლის მსოფლიოს (ეს სფერო დღითიდღე უფრო აუცილებელი ხდება). „მოგეხსენებათ, პროგრესი როგორი საჭირო რამაა,“ - ამბობს იონა.

ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან, ერთმანეთი ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირების ცენტრში გაიცნეს.

მარიამი:

- ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა სკოლას მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მათ შორის, ჩვენს სკოლებს, ამიტომაც ვართ ამ კლუბის წევრები და ერთმანეთი იქ გავიცანით. დავახლოვდით, იდეებიც გავუზიარეთ ერთმანეთს...

იონა:

- 2017 წელს ჩატარებულ ლეონარდო დავინჩის სახელობის კონკურსზე ერთმანეთი ბატონმა დავით სონღულაშვილმა, ჩვენმა მენტორმა გაგვაცნო. საერთო ინტერესების ქონამ კი, ნელ-ნელა დაგვაახლოვა.

ალექსანდრე:

- როდესაც დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, ვეძებდით პრობლემას, რომ მასზე მუშაობა დაგვეწყო და გადაგვეჭრა.

სოფიო:

- ძებნის პროცესში აგრარულ უნივერსიტეტში გადავაწყდით ლაბორატორიას „ბარნის სმარტ ლაბირინთი“. მასზე მეცნიერები წვალობდნენ, საათობით უწევდათ შრომა. ჩვენ მათი სამუშაოს გამარტივება გადავწყვიტეთ.

ალექსანდრე:

- ჩვენი მოწყობილობა, ღილაკის ერთი დაჭერით უზრუნველყოფს თაგვის მაგიდის ცენტრში მოთავსებას. მოწყობილობა მაგიდიდან აიკეცება და უკვე კამერით, კონტრასტის მეშვეობით აკვირდება თაგვის ტრაექტორიას, იწერს მის ტრაექტორიას, ხაზავს დიაგრამას, წერს და ტესტის დროს ყველა მონაცემს ბეჭდავს... ანუ ყველაფერი ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ხდება. ბევრი ცდის შემდეგ, ოქროს კვეთასთან რომ მივედით და როცა უკვე ეს ყველაფერი ამდენი წვალების შემდეგ გაკეთდა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემთ...

მარიამი:

- აქამდე მეცნიერებს ხელით უწევდათ ტრაექტორიის დახატვა, წამების დანიშვნა, რუტინული სამუშაოს ჩატარება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელით ხდებოდა.

იონა:

- ალბათ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ის დღე იყო, როცა პროექტის საბოლოო ვარიანტი ავაწყეთ და მუშაობაში გატესტვის შემდეგ, დავრწმუნდით, რომ იდეალურად ფუნქციონირებდა. აქვე იმასაც მივხვდი, რომ სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მათზე დიდი და განათლებული ხალხის ცხოვრების შემსუბუქება და მათი დახმარება.

- დღეს თქვენი თაობის მისამართით საყვედურები გაისმის, რომ წიგნს დაცილდნენ, სწავლა ეზარებათ. მხოლოდ კომპიუტერს არიან მიჯაჭვულები... თვითონ როგორ აფასებთ თქვენს თაობას?

გიორგი:

- ჩვენი თაობა პროგრესულად მოაზროვნეა. თავისუფლებისკენ მივისწრაფით, რაც სასიხარულოა. კი, ჩვენი თაობა ჩარჩოებს გასცდა.

სოფიო:

- ადრე უფრო მეტი ჩარჩო და სტერეოტიპი არსებობდა. ახალი თაობა ცდილობს, ეს ყველაფერი დაარღვიოს, შექმნას ახალი, არ იყოს ისეთი, როგორიც აქამდე. სიახლეებისთვის არის გახსნილი.კომპიუტერთან და ინტერნეტთან მიჯაჭვულობას რაც შეეხება, არ არის ცუდი. ეს პირიქით, გვეხმარება, რომ ინფორმაცია და კვლევისთვის საჭირო მასალა მოვიძიოთ. ინტერნეტი დიდი რესურსია ჩვენთვის...

ალექსანდრე:

- მთავარია, დრო გონივრულად გადაანაწილო და კომპიუტერი გონივრულად გამოიყენო.

სოფიო:

- პრემიერთან გვქონდა შეხვედრა და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე ველაპარაკეთ, რითაც ადამიანის რუტინული სამუშაო ჩანაცვლდება და ამაში საშიში არაფერია, მაგრამ უფროსი თაობის უმეტესობას ამ რევოლუციის, ტექნოლოგიების ეშინია, უბრალოდ იმიტომ, რომ არ ესმით.

- მაგრამ თქვენნაირი ადამიანების ასეთი წარმატებული შედეგები მათ, მგონი, უკვე იმაში არწმუნებს, რომ უნდა გენდონ.

გიორგი:

- ნდობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვზღუდონ.

იონა:

- ვფიქრობ, რომ ამჟამად ამ თაობის შეფასება ზედმეტად აბსტრაქტული და არარეალურია, რადგანაც დრო გვიჩვენებს, ჩვენი თაობის მანკიერებას თუ დადებით მხარეებს.

- რა მოლოდინი გაქვთ აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გამგზავრების წინ?

სოფიო:

- ივლისში საინტერესო კურსი გველოდება. მოვინახულებთ იმ ადგილებს და გავივლით იმ კურსს, რასაც ასტრონავტები გადიან - იქ რიგით დამთვალიერებლებს არ უშვებენ.

იონა:

- დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული დაუვიწყარი გამოვა ისევ და ისევ „ნასას“ წყალობით.

- თითოეული რაზე ოცნებობთ?

მარიამი:

- რა ოცნებაც გვქონდა, მგონი, ავისრულეთ... უზომო ემოციები და სიხარული განვიცადეთ.

გიორგი:

- „ნასათი’’ ოცნება ამიხდა და ამჟამად რაიმე სხვა ნამდვილად არ მაფიქრდება.

სოფიო:

- ჩემი მასწავლებელი მეუბნება, - ისეთი ხარ, რამდენიმე წელიწადში მარსზე გიხილავო. ნამდვილად საინტერესოა კოსმოსი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირება მაინტერესებს და დედამიწაზე მიმდინარე ამბები. თუ შესაძლებლობა გაჩნდა, უარს არ ვიტყოდი... ამჟამად კი ჩემი უფრო რეალური ოცნება - ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტში ჩარიცხვა და იქ სწავლაა, რომ შემდეგ კიდევ უფრო დიდი ოცნებები ავიხდინო - შევქმნა რამე ისეთი, რაც კაცობრიობას დაეხმარება.

ალექსანდრე:

- ჩემი ოცნებაა, საქმე ისე წავიდეს, რომ როგორც მინდა, ანუ მომავალში რისი გაკეთების სურვილიც მაქვს, იმაში ხელი არაფერმა შემიშალოს.

გიორგი:

- ჩემი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა. მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა მინდა ვნახო და პროდუქტიულად გამოვიყენო ამისთვის ჩემი ცხოვრება.

მარიამი:

- ბოლოს მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მენტორს - ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელს, სრულ პროფესორს დავით სონღულაშვილს.

მან უდიდესი დახმარება გაგვიწია. ბევრი რამ შეგვასწავლა და გზა გაგვიხსნა წარმატებისკენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ