ავტორი:

ვის რას უწუნებს და ვის რისთვის აკრიტიკებს ივანიშვილი წლების განმავლობაში?

ვის რას უწუნებს და ვის რისთვის აკრიტიკებს ივანიშვილი წლების განმავლობაში?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხისტი განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია - "იმედის" ეთერში გუშინ ყოფილი თანაგუნდელები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, ზოგს პრინციპულობა დაუწუნა, ზოგის მისამართით კი კონკრეტული ბრალდებები გამოთქვა.

მართალია, ეკა ბესელიას და მის გუნდს "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილზე აუგი არ დასცდენიათ, სამაგიეროდ ივანიშვილმა არ დაინდო ისინი და მწვავედ გააკრიტიკა - მისი თქმით, ბესელიას და ფოფხაძის ადგილას, შერცხვებოდა.

"რაც შეეხება ჩვენი დეპუტატების პრინციპულობას, რომლებიც ზარდიაშვილს მუდამ გაიხსენებენ და ის მათთვის მიუღებელია, მათ პრინციპულობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ელემენტარული მიზეზის გამო. თუ ასეთი პრინციპულები არიან, როდესაც სიაში შეიტანეს ზარდიაშვილი (მე არ ვაყალიბებდი მაშინ სიას, ძალიან შორიდან ვაძლევდი რჩევებს) და იქ ნახეს, რომ სიით არის შესული ბესელია, გედი ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეიყვანა ზარდიაშვილი, ამ პრინციპულმა დეპუტატებმა რატომ არ განაცხადეს, ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, არ ჩავიწერებით, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილიო?

მესამე წელიწადი მთავრდება, სად იყვნენ ამდენ ხანს? რატომ გაახსენდათ ახლა ზარდიაშვილი და რატომ გაახსენდათ იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა ახალი შესაძლებლობა, დაენგრია სასამართლო თავისი მართული „ენჯეოებით“, დიდი შეტევა განახორციელა სასამართლოზე და გრძელდება ეს პროცესი. რატომ ჩაერთვნენ ისინი ახლა ამ პროცესში და თავის დროზე არ განაცხადეს ეს პრინციპულობა? რატომ არ განაცხადა გედი ფოფხაძემ, რომ მე არ შევალ მაგ სიაში, სადაც ზარდიაშვილიაო? ერთი ხმა არ ამოუღია არცერთს, არც საჯაროდ და არც შიგნით მე ეს არ გამიგია.

დღეს რეალურად ისინი თამაშობენ "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს. როდესაც გარჩევები გვქონდა, როდესაც მიანიშნებდნენ მათ თანაგუნდელები, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომ არავითარი არგუმენტი და არავითარი საფუძველი არ გაქვთ, ასე ტოტალურად სასამართლო შეარყიოთო, ისინი აღშფოთდებოდნენ და კითხულობდნენ, ასეთი ეჭვი გაქვთო? მე კი ვეუბნებოდი, რომ არა, მაგრამ ამას რატომ აკეთებთ?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას გუნდის მისამართით.

ბიძინა ივანიშვილის "შავ სიაში" ასევე მოხვდა ერთ დროს მისი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი პოეტი დავით მაღრაძე, რომელსაც ბესელიას მსგავსად ყოფილმა პრემიერმა პრინციპულობა დაუწუნა.

"მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს, რაც ჩემს თანაგუნდელებზე ვთქვი. ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს და იგივეს იმეორებს, რასაც ამბობს ეს ოთხეული, რომლებიც გავიდნენ გუნდიდან. სად იყო მაღრაძე 6 წლის განმავლობაში? სად გაგიგიათ მისგან, რომ ის სასამართლოში ერკვევა? ისინი დეპუტატები მაინც იყვნენ. არასწორ დროს გამოიყენა მან ეს თემა.

მინდა მაღრაძეზე გავიხსენო ისიც, რომ როდესაც წავიკითხე მისი გამონათქვამი, ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა. თუ უნდა პოლიტიკური პარტია, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი და დასაბუთებული მიზეზი... გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ, მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან!“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარე ამაზე არ გაჩერებულა - „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, ექსპერტი გია ხუხაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალების“ თამაშში დაადანაშაულა და სათანადოდ "მიჯირყვნა".

"გავიხსენოთ ჩვენი უახლესი ისტორია, გავიხსენოთ შალვა შავგულიძე, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გია ხუხაშვილი, დავით უსუფაშვილი... აბა ნახეთ ხუხაშვილი როგორ ასხამს დღეს ხოტბას სააკაშვილს. გუბაზ სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია. ესენი ოპოზიციაში იყვნენ? უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებს შორის შუალედში, კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს. შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ის „ნაცებით“ ირჩევა. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივი თამაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“...

ეს გვარები ვინც ჩამოვთვალე, გუნდის წევრები იყვნენ. დრომ აჩვენა, ესენი ოპოზიციონერები იყვნენ? დავიჯეროთ, რომ ვინც დღეს ხოტბას ასხამს სააკაშვილს, ხუხაშვილი ოპოზიციაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როცა ჩვენი გუნდის წევრობა მოახერხა? დაველოდოთ დროს. მე არ მინდა რამეზე მივანიშნო. შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილზე გავიხსენე ის, რაც დაასაბუთა დრომ. გუბაზ სანიკიძე დავიჯეროთ რეალურად ოპონირებდა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას?" - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა ივანიშვილისთვის ჩვეული წესია - მას არაერთხელ უსაუბრია ნეგატიურად, შეიძლება ითქვას შეურაცხმყოფელადაც კი მათ შესახებ. მაგალითად, მისი მთავრობის ყოფილი წევრი და ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი ალასანია რამდენჯერმე გააკრიტიკა, ისევე როგორც ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილს კი არც პრეზიდენტობის ჟამს აკლებდა კრიტიკას.

აი, რას ამბობდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას შესახებ ბიძინა ივანიშვილი 2015 წელს:

"ისევ ყალბია, ისევ ცრუობს, ბლეფშია ალასანია... თავდაცვის მინისტრის მოვალეობაა, რომელიც იყო გუნდის წევრი, მთავრობის წევრი მაქსიმალურად ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, ნაცვლად ამისა ადრე თუ ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები, დღეს უკვე დასაბუთდა. პოლიტიკური სპეკულაციებით უნდა რომ გადაფაროს, ის რაც მას აშფოთებს. მე თურმე მოსამართლეებს ზეწოლას ვუკეთებ... თანაც დღემდე ვერ დაასაბუთა გარდა იმ აბსურდისა, რომ თურმე მე კონკურენტად ვთვლიდი მაგას. კონკურენტად როგორ ვთვლიდი, როდესაც მე წამოვედი, პირადული ალასანიასთან არაფერი მქონია და დღესაც არ მაქვს" - განაცხადა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ამჯერად არ გახსენებია ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში კრიტიკას არ აკლებდა.

მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე დაიმსახურა. პრეზიდენტის ინაუგურაციდან 122-ე დღეს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილში შეცდა.

"მარგველაშვილს მე ვთვლი ყველაზე დიდ შეცდომად მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვედი. მე ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა, საკუთარ თავთან გარკვევაშია ეს კაცი დღემდე. ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე. მან თქვა, ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში და იმიტომ შევედი სასახლეშიო, არავითარ შემთხვევაში ჩემთან, ის საკუთარ თავთანაა დაპირისპირებაში. როდესაც მოვიდა, იყო ერთი ტიპის მარგველაშვილი და გახდა - მეორე" - აღნიშნა ივანიშვილმა 5 წლის წინ.

ყოფილია, თუმცა ივანიშვილს ის ჯერ კიდევ ახსოვს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გუშინ კვლავ ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილზე და განმარტა, რა იყო მასთან დაპირისპირების მიზეზი:

"კვირიკაშვილთან ჩემი ძირითადი უთანხმება რაზეც მოხდა იყო „იუნისეფის“ კვლევები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეულ დროს არ შემოიღო რაღაც რეგლამენტაციები... ეს იყო ჩვენი განხეთქილების მიზეზი და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ეს იყო ტრაგიკული" - განაცხადა გუშინ ივანიშვილმა.

ივანიშვილმა კვირიკაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის 2018 წელს, როცა მისი გადადგომის მიზეზად დაასახელა, რომ აღარ შეეძლო მართვა. "მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური" - თქვა პარტიის თავმჯდომარემ.

პოლიტიკოსებთან ერთად ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. გამონაკლისი არც გუშინდელი ინტერვიუ აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერი ამჯერად "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორს გადასწვდა:

„შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სადაც გიგაურია, რომელმაც 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს „ენჯეოდ“ წარმოგვიდგება. ჩვენ გვახსოვს 2013 წელს გიგაურის განცხადებაც. ჩვენს გუნდში ამაზე მრავალჯერად მინიშნებაც გვქონდა და შეხსენებაც, ეს ახალი არ არის, მაგრამ მინდა, საზოგადოებას შევახსენო: 2013 წელს გიგაური საჯაროდ წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული. მიგვანიშნებდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაბედოთ, მოსამართლეებს შეეხოთო. იგივე გიგაური დღეს ნახეთ, რა დღეშია და როგორ ილაშქრებს - უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიცაა, ყოველდღე პოზიციებს ცვლის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გიგაური ივანიშვილმა 2018 წლის ინტერვიუშიც ახსენა, როცა აშშ-ს ელჩის საკითხთან დაკავშირებით საუბრობდა და აღნიშნა, რომ გიგაური"საზოგადოებას ცუდ სამსახურს უწევს". "რამდენჯერმე მივანიშნე მას (ეკა გიგაურს), რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას მისი იქ ყოფნა", – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

15-მდე პოლიტიკოსი, ექსპერტი, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები - ეს ივანიშვილის მიერ გაკრიტიკებულთა მცირე ჩამონათვალია. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ეკატერინე ტიკარაძიც ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დამონტაჟდა

"გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები" - რაზე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ და გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან?