ავტორი:

დაპირისპირება ბერსა და მიტროპოლიტს შორის - რა ხდება რუსთავის ეპარქიაში

დაპირისპირება ბერსა და მიტროპოლიტს შორის - რა ხდება რუსთავის ეპარქიაში

რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირება ეპარქიიდან ბერი გაბრიელის გაძევებით დასრულდა.

ბერი გაბრიელი, რომელიც სოციალურ ქსელში "მამა გაბრიელი ბ.ფ."-ს სახელით არის დარეგისტრირებული, "ფეისბუქზე" განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად წერდა სამღვდელოების მამხილებელ, კრიტიკულ ტექსტებს, ასევე, მღვდელმსახურებას "ფეისბუქ ლაივის" რეჟიმში გადასცემდა.

პირველი მწვავე პოსტი "ფეისბუქში" ბერმა მიმდინარე წლის 23 მარტს დაწერა, რომელშიც რუსთავის მიტროპოლიტ მეუფე იოანეს ბრალს სდებდა პირდაპირ ეთერში ლოცვის გადაცემის აკრძალვაში და ამბობდა, რომ "ფეისბუქზე" საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის გამო, სამღვდელოება დევნიდა.

"არავის განსაკითხავად არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს - რომ უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, რომ აღსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან, რომ სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა... ბევრი სხვა რამ.

არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების, სჭირდებათ... მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი“ - წერდა ბერი გაბრიელი პოსტში, რომელიც 23 მარტს გამოაქვეყნა. ის რუსთავის წმ. პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერში რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდა, 27 მარტიდან კი რუსთავის ეპარქიაში აღარ ირიცხება.

რუსთავის ეპარქიამ მიმდინარე წლის რვა აპრილს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 26 მარტს გამართულ კრებაზე, ბერ გაბრიელსა და რუსთავის ეპარქიის სხვა სასულიერო პირებს შორის მომხდარ მწვავე დაპირისპირებას ასახავს. როგორც ცნობილია, სწორედ ამ კრების შემდეგ დაატოვებინეს ბერს რუსთავის ეპარქია.

რუსთავის ეპარქიის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ახლდა ტექსტი:

"ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ვიდეომასალაში ისმის შეძახილები: „ნაგვის ადგილი სანაგვეზეა“, "ნასვამია ეს", „ნასვამი კი არა, მთვრალია“, „საცემია“ და ა.შ. ბერი გაბრიელი ამტკიცებს, რომ ამ დაპირისპირების ბოლოს იგი მღდელმსახურებმა სცემეს და ეს გავრცელებულ კადრებში არ არის ასახული. თუმცა, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მეუფე იოანე. რუსთავის ექარქიის წინამძღვარმა ქვემო ქართლის ტელეკომპანია „TV4”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ ოთახიდან გაყვანის დროს ბერმა ფეხი წამოსდო ზღურბლს, ჩაიკეცა და მერე ყვიროდა - "ვინ დამარტყა, ვინ დამარტყაო".

„მისი გაყვანის დროს მე ოთახში დავრჩი... და როცა მივედი, ის იჯდა იატაკზე და მამები აყენებდნენ - ადექი, ადექი, ვის სჭირდები დასარტყმელადო“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

ამავე ინტერვიუში მან საკუთარი დამოკიდებულება ბერის მიმართ ასე ახსნა:

„ლოცვას არავინ უკრძალავდა... ესეც ცილისწამებაა... მე შევახსენე, რომ ბერი ტოვებს სოფელს, რომ განმარტოვდეს უფალთან ურთიერთობაში... და შენ გამოხვედი სოფლიდან და გინდა, რომ ისევ სოფელს ჩაეხუტო... შენ თუ ხარ დიდი მლოცველი, მაშინ ჯერ ჩვენ დაგვანახე და მერე ხალხს დაანახე. გამოდის, რომ ეს არის პიროვნების პროპაგანდა და რეკლამაა საკუთარი თავის. ბერისთვის ეს დამღუპველია. მე მივეცი რჩევა - ეს არასწორი გზაა, დაანებე ამას თავი... მან გააფორმა ისე, რომ მე ავუკრძალე“, - განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ. მისივე თქმით, ბერი გაბრიელი მოიხმარდა ალკოჰოლს, აგდებულად იქცეოდა და არ ემორჩილებოდა მონასტრული ცხოვრების წესებს.

AMBEBI.GE შეეცადა გასაუბრებოდა ბერ გაბრიელს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებთან ურთიერთობას ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს და საკუთარ სათქმელს "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელებს. ერთ-ერთ ბოლო პოსტში მან ისაუბრა მისი რუსთავში გადასვლის მიზეზზე და მის წინამორბედ მამა გიორგიზე, რომელიც ბერის თქმით, უპასუხისმგებლოდ იქცეოდა და სასულიერო პირისთვის დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებდა:

"ჩემი რუსთავში გადმოსვლის მიზეზი ის გახლდათ, რომ დამხვდა სრულიად გაპარტახებული მონასტერი, დაკეტილი ტაძარი და აბსოლუტური გულგრილობა უფლის სახლის მიმართ, რომლის წინამძღვარიც გახლავთ მამა გიორგი, მღვდელი, აბსოლუტურად გაუნათლებელი თავის საქმეში, რომელიც ზარს არ რეკავდა წირვის მსვლელობისას, საჭირო დროს.

მე ვიყავი მთავარი მედავითნე და ჩემს კისერზე გადადიოდა ბევრი რამ... შაბათს არ მახსოვს მწუხრის სამღვდელო ლოცვა იმიტომ, რომ არ ტარდებოდა. უფლის წყალობით ჩემთან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, მოდიოდა, რაც გახდა ამ მღვდელმსახურის გაღიზიანების მიზეზი... შური.

მე არაერთხელ ვამხილე მამა გიორგი, რომელიც ტაძარშიც "კლოუნივით" იქცეოდა და ვუთხარი მეუფეს, რომ ეს ადამიანი ძარცვავდა მონასტერს, რაზეც საინტერესო პასუხი მივიღე: დაბალი ხელფასი აქვსო.. .მოკლედ მივხვდი, რომ მეუფეს სჭირდება "ჟორიკა" (მამა გიორგი), როგორც მას იცნობენ და ეძახიან და ლუდის ბოთლი ვერავინ გააგდებინა ხელიდან. გადავწყვიტე ეპარქიის დატოვება, აშკარა იყო, რომ მონასტრის ინტერესი არავის ჰქონდა იმ საძმოს გარდა, რომელიც გმირულად იბრძოდა სამშობლოსათვის.

რა სამარცხვინო და იდიოტური ვიდეოც გადაიღეს დილეტანტურად ჩაკერილი სიუჟეტებით ყველამ ნახა. ანუ ვიდეოს ნაწილი, რომელიც აწყობდათ, სადაც არ ჩანს მე გამოვედი თუ არა სატრაპეზოდან. მე დუმილის უფლებას ვიყენებ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში" - წერს მამა გაბრიელი სოციალურ ქსელში.

AMBEBI.GE ამ საკითხზე პოზიციის გასარკვევად საპატრიარქოს დაუკავშირდა. საპატრიაქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ამ დაპირისპირებაზე მკაფიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა:

„მეუფე იოანეს პოზიციას გავიმეორებთ მხოლოდ. ასეთი სააჟიოტაჟო არაფერია აქ, უბრალოდ ხმამაღლა ელაპარაკება მეუფე იოანე ბერს. რა მოხდა აქ ისეთი? ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერ კომენტარს, გარდა იმისა, რასაც რუსთავის ეპარქია გააკეთებს. საერთოდ, ჩვენ გამოვდივართ იმ აუცილებლობიდან, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არ არის არანაირი ინტერესი ჩვენთვის, ყველა ამბავს გარეთ ხომ არ გამოვიტანთ გასარჩევად?! ესეც არ უნდა გამოსულიყო. რა ვუყოთ ახლა, იმსჯელებენ და გაჩერდებიან“, - განაცხადა მამა ანდრიამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ