18 წლის ხატია თვაური, რომელსაც ხეჩინაშვილის კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 2017 წლის სექტემბერში გაუკეთეს, უკვე წელიწადზე მეტია, კომაშია.
გოგონა სამკურნალოდ გასული წლის ნოემბერში საფრანგეთში გადაიყვანეს და დღემდე იქ იმყოფება. „პალიტრავიდეოსთან“ ხატიას დედა, თეო სიდამონიძე ამბობს, რომ ყველა ინფექცია ალაგდა, მგრძნობელობამაც მოიმატა, თუმცა გოგონა კვლავ კომაშია.
„ეს იყო ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომა, ძირითადად უფრო ანესთეზიოლოგის შეცდომა. ხატია ისე გაიყვანეს ოპერაციაზე, რომ არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდათ გაკეთებული და როდესაც ოპერაციაზე გაგყავს პაციენტი, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, წინასწარ გამოკვლეული უნდა იყოს ნორმალურად.
საფრანგეთში ხატიას გაუკეთეს ოპერაცია - ზონდი მოხსნეს ცხვირიდან და გადაუტანეს კუჭში - ჩვეულებრივ, ნარკოზით გაუკეთეს. ოპერაციაზე რომ გაჰყავდათ, უამრავი ფურცელი შემავსებინეს, ოჯახის წევრებიც კი გამოგვკითხეს, ვინმეს რამე პრობლემა თუ გვქონია.
პასუხისმგებელი მომხდარზე არის ექიმი, ვინც მიიღო, ანესთეზიოლოგი და ექთანი, ისინი არიან დამნაშავეები,“ - აღნიშნავს სიდამონიძე.
მისი თქმით, პირველი სამი თვის განმავლობაში შვილის მკურნალობის ხარჯებს თავად ფარავდა, შემდეგ კი დაზღვევა გაუკეთეს.
„საბოლოოდ, აქაც ვერ მეუბნებიან, მომავალში რა იქნება...“, - ამბობს პაციენტის დედა.