ამ ქალმა 2001 წელს ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელში არსებული ეჭვი გაფანტა და სტერეოტიპი - "შოუში დიდ თანხას ვინ მოგაგებინებს" - დაამსხვრია. დიახ, მანანა მაისურაძემ საუკეთესო თამაშით დაამტკიცა, რომ შოუში 20 000 ლარის მოგება შესაძლებელი იყო.
მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა... რა მოხდა ამ ხნის მანძილზე ქალბატონი მანანას ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობს, რაზე წუხს - ამაზე AMBEBI.GE-ის თავად უყვება.
"რა აზრი აქვს ისეთ ადგილას წასვლას, თუ წინასწარ ხარ მარცხისთვის განწირული? სასწაული ემოცია იყო... მანამდე გადაცემა რამდენჯერმე მქონდა ნანახი, ემოციურად, ინტელექტუალურად და ფსიქოლოგიურადაც კი, მომზადებული ვიყავი. გონებაში ვთამაშობდი კიდეც, მაგრამ თუ ისეთი რთული იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდი...
შოუში მისვლამდე თუ გგონია, მიხვალ და ითამაშებ, სკამზე რომ ჯდები, ურთულესი რამაა... ამიტომ, მეგონა, ასე - 800 ლარს მოვიგებდი, რაც იმ დროისთვის ჩემი ერთი წლის ბიუჯეტი იყო, მაგრამ 20.000 ლარი? არც მიფიქრია, ვერც წარმოვიდგენდი," - გვიყვება ქალბატონი მანანა და ამბობს, რომ მოგების შემდეგ რამდენიმე თვე გონზე ვერ მოდიოდა, ვერ იაზრებდა, რა მოხდა.
- ე.ი. გაგიჭირდათ წარმატების აღქმა...
- ის ხომ ინტელექტუალური შოუ იყო და არა ინტელექტუალური შეჯიბრი. შოუს თავისი ელემენტები აქვს, ინტელექტუალურ შეჯიბრს - თავისი. როცა შოუ ტელევიზიაში უამრავი მაყურებლისთვის გადის, ცხადია, მაყურებელმაც უნდა ისიამოვნოს და ეს სულ მახსოვდა, იქ ყოფნისას არ დამვიწყებია. მაყურებელი არ უნდა დაგავიწყდეს და შენთვის არ უნდა ითამაშო.
მეცინება, როცა მსგავს შოუში ძალიან ადვილი შეკითხვა დაისმება და სანამ წამყვანი დაასრულებს, მანამდე წამოიძახებენ ხოლმე პასუხს. ამით მაშინვე აგდებენ შოუს ხარისხს და ვერ ხვდებიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ საზღვრავენ, სად მიდიან. ამის გარდა, თუ ელემენტარული რამ არ იციან, იქ ფულის გამო ნუ მივლენ, თავს ნუ გაიმასხარავებენ...
- რა მოგიტანათ ცნობილ შოუში გამარჯვებამ?
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ეტაპი დაიწყო. რისი თქმა მინდა - ბავშვობიდანვე წიგნი იყო ჩემი ყველაფერი... 1991 წელს, ჩემს სახლს ზნაურში (დაბა ზნაური ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ) ცეცხლი წაუკიდეს და დავრჩით უსახლკაროები, უმუშევრები. გაოგნებული ვიყავი, ვფიქრობდი, - რა მოხდა ასეთი, რატომ დამემართა ასე? რატომ არ შეიძლება, ერთი ჭერი ჩემთვისაც იყოს? სად წავიდა ამდენი ცოდნა, განათლება, ასე როგორ ჩაიყარა წყალში ყველაფერი?.. ფილოლოგი ვარ და იმ დროისთვის უკვე 20 წლის მუშაობის გამოცდილება მქონდა...
20 000 ლარის მოგების შემდგომ კი, ამ წარმატებამ ჯერ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა, მაგრძნობინა, რომ ვიღაც ვიყავი... ცუდია, როცა საკუთარი თავის რწმენა გეკარგება... მერე ადამიანებმაც დამინახეს, გზა გამეხსნა, თბილისში სახლი ვიყიდე. თბილისში იმიტომ ვიყიდე, რომ ფესვები სადაც მქონდა, იქიდან ამომგლიჯეს. მერე უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვიცხოვრებდით...
მთავარია, ადამიანმა იმედი არ დაკარგოს. იმედი რომ დამეკარგა და იმ შოუში არ მივსულიყავი, ხომ ვერ მოვიგებდი?! ე.ი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
- მოგებიდან თითქმის 20 წელი გავიდა, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება ამ წლების მანძილზე?
- თბილისში ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი, ვასწავლიდი ორ ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესში“ და „თამარიონში“. იქაც დიდი ადამიანური ფაქტორი იყო - დავით კახნიაშვილმა და გულიკო კვიციანმა საშუალება მომცეს, მასწავლებელი ვყოფილიყავი. ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ, რეპეტიტორობა დავიწყე. დავწერე განცხადება, ლიცეუმებიდან წამოვედი და ამ საქმეს მივყევი. შეიძლება რეპეტიტორებს ზოგიერთი ცერად უყურებს, მაგრამ საკმაოდ დიდი შრომაა ამ საქმეში... ბევრი კარგი ბავშვი გავიცანი.
ბავშვებთან მუშაობა საოცრებაა. ყველაზე ნაღდი ადამიანები და საზოგადოებაა, რომელიც არასდროს გიღალატებს და ზურგში არაფერს ჩაგცემს
- როგორც პედაგოგი, ინტელექტუალი, რას ფიქრობთ, ადამიანი წიგნს დაშორდა?
- მაშინაც კი, როცა ინტერნეტი არ იყო, იყვნენ ბავშვები, ვისაც ძალიან უყვარდა კითხვა და იყვნენ ისეთები, რომლებსაც წიგნს ვერ დააჭერინებდნენ ხელში. ასეთები ახლაც არიან. წიგნი ადამიანს ძალას და სიბრძნეს მატებს. იმის ძალას აძლევს, რომ მშვიდად შეხვდეს ყველაფერს, ბევრი რამ განსაზღვროს და ჯანსაღად იაზროვნოს... თანამედროვე მწერლობაშიც გამოდის კარგი წიგნები, მაგრამ მე ძველი ლიტერატურა უფრო მომწონს.
არაერთი მოსწავლე მყავს, რომლებიც კითხულობენ და ინფორმაციას მაწვდიან - რომელი წიგნი გამოვიდა და მოაქვთ კიდეც. მაგალითად, ასე წავიკითხე ჰარუკი მურაკამი, ჟოზე სარამაგუ, არუნდატი როი, ელიფ შაფაქი და ბევრი სხვა. ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებთან საუბარი. იმის თქმა მინდა, რომ დღესაც კითხულობენ.
- ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით...
- კი, ადვილი დასამარცხებელი არ ვარ. ვის უყვარს წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ ადამიანს გიწევს ეს. რაც დავიბადე, სულ ამ წინააღმდეგობების დაძლევაში ვარ და უკვე საკმაოდ კარგად ვარ შეიარაღებული.
- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ?
- მყავს ვაჟი - გიორგი ხარაზიშვილი, რომელიც ცოლ-შვილით მოსკოვში ცხოვრობს. ქალიშვილი მარინა კი თბილისშია - 2 შვილი ჰყავს. მე ცალკე ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილია...
გული იმაზე მწყდება, რომ 1991 წელს, სექტემბერში ჩემს სახლს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. იმის მერე ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი სახლის კომპენსაცია მომცენ, მაგრამ ამას ჯერ ვერ მივაღწიე. როცა სახლი არ მქონდა, არ მოუციათ და ახლა, მით უმეტეს, აღარ იწუხებენ თავს. ბინაზე კი არ არის აქ საქმე, სამართლიანობაზე მაქვს პრეტენზია!
2 წლის წინ ლტოლვილთა სამინისტროში ვიყავი, მინისტრის მოადგილეს, ვინმე ცოტნიაშვილს შევხდი. ხელგაშლილი შემომეგება, როგორ შეიძლებოდა, ამაზე თქვენ აქ მოსულიყავით, როგორ გაწვალებენო. კი, მოგიგვარებთ ყველაფერსო, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი...
ჯერ ერთი - ენაზე ვინ ექაჩებოდა, თუ არ შეეძლო, რატომ მპირდებოდა, თუ დამპირდა, რატომ არ შეასრულა?! მისი ბავშვი და მოსატყუარი ნამდვილად არ ვიყავი, არც ის ადამიანი, რომ მის ანკესს წამოვგებოდი. მერე აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც მასთან საკუთარი პრობლემით მიდიოდა, ასე ხვდებოდა და ასე ატყუებდა. რაში სჭირდებოდა?!
იმას ხომ არ ვიკადრებ, მივიდე, მურიანი, ჭუჭყიანი, გაჩეჩილი, ერთ ხელში ბენზინის ბოთლი და მეორეში - "ზაჟიკგალკა" მეჭიროს, ვიწიოკო ლტოლვილთა სამინისტროს წინ - თუ არ მომცემთ კომპენსაციას, ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ-მეთქი?! ჩემი პროტესტი იქნება, რომ არჩევნებზე არ მივალ. თუ მთავრობა სახელმწიფოს მოქალაქედ არ მთვლის, ამის გამო პროტესტს მე ასე გამოვუცხადებ!